ქ. ადის-აბებაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვახტანგ ჯაოშვილმა, რომელმაც მიმოიხილა საქართველოსა და ეთიოპიას, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები.
მიღების პარალელურად გაიმართა ქართული ანბანის სამ სახეობასთან დაკავშირებული გამოფენა. დამსწრე საზოგადოებას ასევე წარედგინა საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ვიდეო კლიპები. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.
ღონისძიებას ადის-აბებაში აკრედიტებული ელჩები, ეთიოპიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აფრიკის კავშირის თანამშრომლები, ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ჟურნალისტები, ეთიოპიის საქმიანი წრეების და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.