ბათუმში BMW-ს ცენტრის გახსნა იგეგმება. როგორც ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, BMW-ს ცენტრის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით მერიას განცხადებით მიმართა კომპანია ,,ომეგა ჯგუფმა“ მელიქიშვილის ქ.#5-7 -ში არსებული ავტობუსის მოსაცდელის კონსტრუქციის დროებით მოხსნასთან დაკავშირებით, რადგან კონსტრუქციის მდებარეობა შეუძლებელს ხდის ცენტრის სალონში ავტომობილების შეყვანას.
2 დღის შემდეგ კი, კომპანია თავადვე განახორციელებს კონსტრუქციის ხელახალ მონტაჟს.
ასევე, უახლოეს მომავალში კომპანია ,,ომეგა ჯგუფი“ ქალაქს საჩუქრად გადასცემს სრულიად ახალ, თანამედროვე სტანდარტისა და დიზაინის ავტობუსის მოსაცდელს, რომელიც აღნიშნულ მისამართზე დამონტაჟდება.
„იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ავტომობილების მწარმოებელი კომპანია BMW-ს წარმომადგენლობის ბათუმში გახსნა მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, მერია ითვალისწინებს კომპანიის თხოვნას, 6-7 ივნისს ავტობუსის გაჩერებაზე არსებული კონსტრუქციის მოხსნასთან დაკავშირებით, მოსახლეობას კი ბოდიშს უხდის გამოწვეული დისკომფორტის გამო», აღნიშნულია ბათუმის მერიის განცხადებაში.