საქართველოს მაკროეკონომიკურ მდგომარეობასა და მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენტონი დე ლანოიმ, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს შეხვდება.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და ქვეყანაში არსებულ მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის შესახებ საუბრისას, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთან დაწყებული ახალი პროგრამა აღნიშნული გეგმის პრიორიტეტებზეა დაფუძნებული, რაც ფონდის მხრიდან საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ნდობის დადასტურებაა.
სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოსთან ახალი პროგრამის მიმდინარეობის განვითარება და იმედი გამოთქვა, რომ წარმატებით გაგრძელდება.
შეხვედრას ასევე დაესწო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.