,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრს აფგან მუხთარლის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისა და განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებისაკენ მოუწოდებს. „ნაციონალირი მოძრაობის“ წევრის ნიკა რურუას განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მოტაცების ფაქტი საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციებს აზიანებს. მისივე თქმით, ეს თანამდებობის პირები დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებდნენ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ხელისუფლება კი ამაზე ადექვატურ რეაგირებას არ ახდენს.
"აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მოტაცება, როგორ ეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროპის კავშირმა შეაფასა, ყოველ მიზეზს გარეშე კონკრეტული პირების მიერ საკუთარ თავზე პირადი პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვს. ეს და ყველა მსგავსი სამარცხვინო და დანაშაულებრივი ფაქტი ყველანაირ პერსპექტივას უსპობს ჩვენს ქვეყანას, საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციებს აზიანებს. შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ ადეკვატური რეაგირება მოახდინოს, რასაც ის დღემდე შეგნებულად არ აკეთებს,“- განაცხადა ნიკა რურუამ.
მისივე თქმით, თუ ეს პირები არ გადადგებიან, ამ მათ პრემიერი არ გაათავისუფლებს, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის მთელი შემადგენლობის გადადგომას მოითხოვს.
აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი „მწვანე საზღვარზე“ დააკავეს და არა გამშვებ პუნქტზე.