TBC ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის მსხვილი კომპანიების, FTSE 250-ის ინდექსში შევიდა. TBC მეორე ქართული კომპანიაა, რომელიც FTSE 250-ის ინდექსში გაწევრიანდა, პირველი BGEO ჯგუფი იყო.
FTSE 250 ლონდონის საფონდო ბირჟის მეორე უმთავრესი ინდექსია, რომელიც 101-350 მსხვილ კომპანიას აერთიანებს. პირველია FTSE 100, რომელიც 100 უმსხვილეს კომპანიას აერთიანებს.
TBC ბანკის FTSE 250-ის ინდექსში შესვლას მისი აქციების ფასზე დადებითი ეფექტი ექნება.
TBC ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2014 წელს გავიდა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია წინა კვირის მდგომარეობით 1.143 მილიარდი დოლარია.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე რამდენიმე ქართული კომპანიის აქციები ივაჭრება - საქართველოს ბანკის ჯგუფი (BGEO), თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (GHG LN).