მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღესრულება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სადღესასწაულო წირვას დღეს, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
ამ დღეს მორწმუნეები ტაძარებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან. წირვის დასრულების შემდეგ კი, მუხლდრეკის სპეციალური ლოცვა სრულდება, რომლის დროსაც მლოცველებზე სულიწმინდის მადლი გადადის.
სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფლის მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით გადავიდა და ყოველი მათგანი სულიწმინდით აღივსო. მოციქულებმა მანამდე მათთვის უცნობ ენებზე დაიწყეს საუბარი.