დღეს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს რკინიგზამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ხეების დარგვის კამპანიაში მონაწილეობა მიიღო.
ღონისძიებაში რკინიგზელებმა ოჯახის წევრებთან ერთად ჩაერთვნენ. აქციის მთავარი აქტივობა ხეების დარგვა იყო, თუმცა, რკინიგზელთა შვილებისათვის სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები მოეწყო.
ღონისძიების ფარგლებში, საფუძველი ჩაეყარა ახალ წამოწყებას - საქართველოს რკინიგზამ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ”მაკულიტერატურა” და ”ბიბლუსთან” ერთად, ხეები დარგო. ამავდოროულად გამოიწვია სხვა ორგანიზაციები, არ გადაყარონ ქაღალდი და გადასამუშავებლად ჩააბარონ. კომპანიების მიერ ჩაბარებული მაკულატურის სანაცვლოდ შესაბამისი რაოდენობის ხეები დაირგვება.
,,პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ,,პალიტრას“, რომელიც მუდმვიად კარგი პროექტებით გვაოცებს. ამჯერად, მათი პროექტის ,,მაკულიტერატურას“ 5 წლის იუბილეა. სწორედ ,,მაკულიტერატურას“ ინიციატივა იყო არ გადავყაროთ ნაგავში ქაღალდი, მოვაგროვოთ და სანაცვლოდ მივიღოთ არაჩვეულებრივი წიგნები. საქართველოს რკინიგზა დიდი სიამოვნებით ჩაერთო ამ პროექტში. ჩვენს კომპანიაში გროვდება ქაღალდი, რომელსაც არ ვყრით და გადავცემთ ,,მაკულიტერატურას“ ახალი წიგნების გამოსაცემად. ხოლო, დღევანდელ აქციას ჩვენივე სანერგე მეურნეობიდან გამოტანილი ნერგებით შევუერთდით. ამ არაჩვეულებრივ ადგილს - ლისის ტბას, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს, საერთო ძალისხმევით კიდევ უფრო გავამწვანებთ. სხვა კომპანიებსაც გვინდა მოვუწოდოთ, ჩაერთონ ასეთ კარგ საქმეში და ერთად გავალამაზოდ ჩვენი ქალაქი,“ - განაცხადა საქართველოს რკინიგზის ფილიალ ,,მგზავრთა გადაყვანის“ დირექტორის მოადგილემ დაჩი ცაგურიამ.
ხეების დარგვის კამპანია ,,შენც დარგე!“ ორგანიზაცია ”მაკულიტერატურის” დაარსებიდან 5 წლის იუბილესადმი იყო მიძღვნილი. ”მაკულიტერატურა”, რომელიც ,,პალიტრა მედიის“ პროექტია, მოსახლეობას მოძველებული წიგნებისა და გამოყენებული ქაღალდის ახალ წიგნებზე გადაცვლის შესაძლებლობას აძლევს.
,,ჩვენ ეს პროექტი 5 წლის წინ დავიწყეთ, როდესაც მოვუწოდეთ ყველას ნებისმიერი უვარგისი წიგნი, მუყაო თუ ქაღალდი ჩაებარებინა და ვცვლიდით ლიტერატურაში. 5 წლის განმავლობაში დიდი ინტერესი იყო. ჩვენ დიდი რაოდენობის ხე გადავარჩინეთ, არაერთხელ დავრგეთ და დავუბრუნდით იგივე ამოცანას - რომ არ გავანადგუროთ ხეები, ამისთვის ხეებიც უნდა დავრგოთ. ამიტომ, ძალიან დიდი მადლობა საქართველოს რკინიგზას რომელიც ჩვენს აქციას შეუერთდა,“ - აღნიშნა ,,მედია პალიტრის“ კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამ.
,,ჩვენი პირველი პარტნიორი, ვინც ამ კამპანიაში ჩერთო არის საქართველოს რკინიგზა. ამიტომაც, გადავწყვიტეთ ყოველ წელს დავრგოთ გარკვეული რაოდენობის ხეები იმ ორგანიზაციების სახელზე, ვინც მაკულატურას აგროვებენ, არ ყრიან ქაღალდს და უფრთხილდებიან გარემოს,“ - განაცხადა პროექტის მენეჯერმა მარიამ მაჭავარიანმა.
აღსანიშნავია ის, რომ საქართველოს რკინიგზა ყოველთვის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე აქტივობებით გამოირჩევა. რკინიგზელებმა ამჯერადაც არ დაარღვიეს ტრადიცია და ოჯახის წევრებთან ერთად, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, კვიპაროსის ჯიშის 50 ნერგი დარგეს.
,,ეს აქცია ძალიან მნიშვნელოვანია როგორც რკინიგზელებისათვის, ისე ჩვენი ქვეყნისა და თბილისისათვის. ეს არის რკინიგზის მხარდაჭერა სილამაზისა და სიცოცხლის განვითარებაში, ვინაიდან სიცოცხლის სიმბოლო, პირდაპირი მნიშვნელობით ხე არის. ყველა რკინიგზელი სიამოვნებით ჩაერთო აქციაში. ეს აქცია აუცილებლად გაგრძელდება და ყოველთვის მხარდაჭერილი იქნება რკინიგზის მიერ, რადგან რკინიგზა თავად არის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი,“ - აღნიშნა რკინიგზის სიგნალიზაციის დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ ტაბიძემ, რომელმაც სხვა რკინიგზელებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ხეების დარგვის კამპანიაში.