"საქართველო არის სატრანსპორტო ღერძის წამყვანი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცება განსაკუთრებით ტრანსპორტის სფეროში მნიშვნელოვანია საქართველოსა და რეგიონისთვის.
"საქართველო არის სანდო სატრანზიტო პარტნიორი და სატრანსპორტო ღერძის წამყვანი ქვეყანა, რომელიც აქტიურად და წარმატებით მონაწილეობს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტებსა და ინიციატივებში.ამასთან როგორც ენერგეტიკული ქარტიის წევრი საქართველო იყო და არის სანდო და პასუხისმგებელი ენერგეტიკული პარტნიორი, რომელსაც წვლილი შეაქვს დასავლეთის ბაზრებისთვის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიცირებაში. ისეთ საერთაშორისო პროექტებს, როგორიცაა ბაქო-თბილისი- ერზრუმი და ბაქო-თბილისი- ჯეიჰანი, ასევე TANAP-ი, სამხრეთ კავკასიის მილსადენი (SCP) და AGRI, დიდი მნიშვნელობა აქვთ რეგიონული და ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით. ინტენსიურად ვმუშაობთ თურქმენეთის გაზის ევროპისკენ ტრანსპორტირების პროექტზე, რომელსაც„თეთრი ნაკადი“ ეწოდება", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების უდიდესი პოტენციალი, განსაკუთრებით ჰიდროელექტროენერგიის კუთხით, შთამბეჭდავია ქარის მზის ბიოლოგიური და გეოთერმული ენერგიის წყაროების პოტენციალი.
"ეკონომიკის სწრაფი და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისა და ქვეყნის მიმზიდველობის ხარისხის ამაღლების მიზნით, მთავრობამ წამოიწყო ცვლილებათა ახალი ტალღა 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის ფარგლებში, რაც მოიცავს გადასახადების სისტემის რეფორმას, ღია მმართველობასა და ბიზნესსექტორთან თანამშრომლობის გააქტიურებას, საბაზისო ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებას და უმაღლესი განათლების რეფორმას. სიამაყით ვაცხადებ, რომ საქართველო არის ევროპული სახელმწიფოს კარგი მაგალითი, რომელიც შიდა თუ გარე გამოწვევების მიუხედავად, თანამიმდევრულად აგრძელებს სვლას დემოკრატიზაციის ინსტიტუტების აღმშენებლობის, ეკონომიკური განვითარების და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინსტიტუციური ინტეგრაციის გზაზე", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.