აჭარელი ფერმერებისათვის მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის მიწოდებას ადგილობრივი მთავრობა უზრუნველყოფს. როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში ორი მეტეოსადგურის შექმნა იგეგმება.
სამინისტროს ინფორმაციით, სწორედ SMS შეტყობინებებით მოხდება მოსახლეობის ინფორმირება ამინდის გაუარესების, წამლობითი და სხვა აგრო ღონისძიებების შესახებ, რაც თავის მხრივ ფერმერებს და ფერმერულ მეურნეობებს პროდუქციის წარმოების ზრდაში დაეხმარება.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ 2018 წლის ბიუჯეტში აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 500 ათას ლარამდე ჩაიდება.
პროექტი ასევე ითვალისწინებს ფერმერებისა და ფერმერული მეურნეობების ბაზის დახვეწას, რომლის საფუძველზეც ისინი შემდგომ ინფორმაციას SMS შეტყობინებებით მიიღებენ.
სამინისტროში ამბობენ, რომ უწყებას გარკვეული ბაზა გააჩნია, თუმც ის დახვეწასა და სრულყოფას მაინც საჭიროებს.
აღსანიშნავია, რომ ფერმერები SMS შეტყობინებებს და შესაბამისად საჭირო ინფორმაციას უფასოდ მიიღებენ.
მეტეოსადგურებიდან ერთ-ერთი ხელვაჩაურში, ხოლო მეორე მაღალმთიან აჭარაში განთავსდება.