საქართველოს დელეგაციამ პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, ქ. პეკინში ახალი ტექნოლოგიების კორპორაცია „ჰუავეის“ სადემონსტრაციო ტექნოლოგიური ცენტრი მოინახულა.
საქართველოს დელეგაციას, ასევე, წარმოადგენდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური.
საქართველოს დელეგაციას ცენტრში მეგზურობა გაუწია „ჰუავეის“ პრეზიდენტმა ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ჯეიმს ჩენმა.
ცენტრში საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს ყველა ის სიახლე, რომელიც ჩინური კორპორაციის მხრიდან ინერგება ჩინეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
„ჰუავეი“ ფოკუსირებულია როგორც ფიქსირებულ, ასევე უკაბელო ტელეკომუნიკაციებზე და წარმოადგენს სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მწარმოებელ მსოფლიოში უდიდეს კომპანიას. „ჰუავეის“ საქმიანობაა სატელეკომუნიკაციო ქსელების გამართვა, ოპერაციული და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, ტერმინალური მოწყობილობების წარმოება და სხვ.
ცენტრის დათვალიერების შემდეგ, „ჰუავეის“ პრეზიდენტი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოში კორპორაციის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
„ჰუავეი“ საქართველოში 2001 წლიდან საქმიანობს. მან მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა სხვადასხვა ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო სექტორში, აგრეთვე, სახელმწიფო უწყებებში.