ხვალ, 13 მაისს, ჩინეთში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის ხელი მოეწერება ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
არსებული ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრი, ჟონგ შანი.
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს. ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ.
ხელშეკრულების ფარგლებში ჩინეთში იმპორტისას ქართული პროდუქციის დაახლოებით 94 პროცენტი გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან. საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ყველანაირი ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული და ასევე სამრეწველო პროდუქციებიდან სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, სარეცხის მანქანები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ.
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში - 7 თვეში დასრულდა.
ცნობისთვის, ჩინეთს გაფორმებული აქვს 14 თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მსოფლიოს 24-ზე მეტ სახელმწიფოსა და რეგიონთან. 13 მაისიდან მათ სიას საქართველოც დაემატება. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული.