მოქმედი კონსტიტუცია პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის სამართლებრივ საფუძველს არ იძლევა, - ეს განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდენტის განცხადებების საპასუხოდ გააკეთა.
მისი განმარტებით, როდესაც პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას ცდილობს, ვითარება ისე წარმოაჩინოს, თითქოს მას წაერთვა რაიმე უფლებამოსილებები. მისივე თქმით, მოქმედი კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილებებიც კი არ იძლევა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის სამართლებრივ საფუძველს.
„ჩემი გამოხმაურების წინაპირობა გახდა ის განცხადებები, რომელიც გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც საკონსტიტუციო რეფორმის განხილვის დროს, ასევე ბოლო განცხადებებში. მოქმედი პრეზიდენტი, როდესაც საუბრობს საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ცდილობს წარმოაჩინოს ვითარება ისე, თითქოს წაერთვა უფლებამოსილებები. პერსონალური განწყობის და დამოკიდებულების გამო, თითქოს ამიტომ იყო მიღებული საკონსტიტუციო კომისიაში გადაწყვეტილება პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის თაობაზე და წარმოაჩენს ვითარებას ისე, რომ პირდაპირი არჩევნების არსებობის პირობებში, თითქოს მას გარანტირებული ჰქონდეს გამარჯვება. რეალური ვითარება არის ის, რომ კონსტიტუციის არსებული მოდელი, რომელსაც ჩვენ ვცვლით და ვალდებული ვართ, შევცვალოთ იმიტომ, რომ ეს კონსტიტუცია არ შეესაბამება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს და ეს კონსტიტუცია, ამ უფლებამოსილების ფარგლებშიც კი, რაც პრეზიდენტს გააჩნია, პირდაპირი წესით არჩევნების სამართლებრივ საფუძველს არ იძლევა“, - აღნიშნა ბესელიამ.
ეკა ბესელიას თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებით საბიუჯეტო ხარჯებიც დაიზოგება.
„თუ გავითვალისწინებთ რომ ამ გაუთვალისწინებელ ხარჯებს, რაც მოჰყვება პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, საპრეზიდენტო ინსტიტუტების ხარჯებს, რაც ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება, ეს არის გაუმართლებელი და გამოთავისუფლდება ეს გაუმართლებელი ხარჯები, რასაც დღეს ქვეყნის ბიუჯეტი იღებს“, - აცხადებს ბესელია.