პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ერთობლივი კონფერენციის მონაწილეებს, რომელიც ტექნოლოგიურ პარკში გაიმართა. კონფერენციას ბიზნესის, ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფინანსური მრჩევლებისა და აღნიშნული სექტორების ასოციაციების 200-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმნენ ევროპის საინვესტიციო ბანკის მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი ჰაინც ოლბერსი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი. კონფერენციას დაესწრნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი.
საქართველოში კერძო სექტორის განვითარების საკვანძო ამოცანის შესასრულებლად, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფი (რომელიც აერთიანებს ევროპის საინვესტიციო ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ფონდს) ახორციელებს ევროკომისიასთან ერთად შემუშავებულ ორ ახალ პროგრამას. ეს ორი პროგრამა მომზადდა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების კონტექსტში: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების აღმოსავლეთ ინიციატივა, ისევე როგორც ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, "ჰორიზონტი 2020"-ის ინსტრუმენტის: "ინოვფინი – ევროკავშირის დაფინანსება ნოვატორებისთვის" ფარგლებში. კონფერენციაზე აღნიშნული პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა.
პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამებით მოხდება ინოვაციური ტექნოლოგიების მხარდაჭერა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს წარმოების განვითარებას და იმპორტის ჩანაცვლებას. მისი თქმით, აღნიშნული პროდუქტები მცირე და საშუალო ბიზნესს აძლებს შესაძლებლობას, აიღონ კომერციული ბანკებიდან სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროკავშირის გარანტიის ქვეშ.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტები. ისინი კომერციულ ბანკებს დამატებით მისცემს შესაძლებლობას, მოიზიდონ ტექნიკური დახმარება იმისათვის, რომ ინოვაციური პროდუქტების და პროექტების იდენტიფიცირება მოახდინონ. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აგროსექტორში დაფინანსდება მთლიანი ღირებულებათა ჯაჭვი. ამ შემთხვევაშიც, ევროპის საინვესტიციო ბანკი ტექნიკურ დახმარებას გამოყოფს, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისი თქმით, "ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება გზების, ენერგეტიკის, წყალმომარაგებისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის სფეროებში. ევროპის საინვესტიციო ბანკი ასევე მხარს უჭერს ქვეყნის კერძო სექტორს. ბანკის ოპერაციები და სამომავლო გეგმები გარდაისახება დიდ მხარდაჭერაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმისა ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების და მეწარმეობის ხელშეწყობის კუთხით".
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ, იანოშ ჰერმანმა განაცხადა: "ეს პროგრამები დამატებითი დასტურია იმისა, რომ ევროკავშირი ზრუნავს საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებაზე. ევროპის საინვესტიციო ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობის მეშვეობით, ხელშესახებ დახმარებას ვთავაზობთ ინოვაციურ ბიზნესებს, რომელთაც სურთ ევროკავშირთან გახსნილი ახალი შესაძლებლობებით ისარგებლონ".
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების აღმოსავლეთ ინიციატივა მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარების გაძლიერებას იმ ქვეყნებში, რომელთაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმეს, კერძოდ, საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ამ სამ ქვეყანაში მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს გაეწევა ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა.
ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფი და ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმი ერთობლივად ქმნიან ინსტრუმენტთა პაკეტს, რომელიც ამ სამ ქვეყანას დაეხმარება ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებაში და ხელს შეუწყობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებათა ამოცანების შესრულებაში. მათი მიზანია წინაღობათა თანმიმდევრული მოხსნა და საჭირო პირობების შექმნა, რაც მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ ბაზარზე არსებული ახალი გარემოებით.
ამ ინიციატივის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას აღნიშნულ სამ ქვეყანაში. იგი აგრეთვე გააუმჯობესებს ფინანსებზე წვდომას უკეთესი სასესხო პირობების მეშვეობით და ადგილობრივ შუამავალ ბანკებს შესთავაზებს მცირე და საშუალო საწარმოების პორტფელზე დანაკარგის პირველადი ანაზღაურების გარანტიებს, რაც ამ უკანასკნელთ საშუალებას მისცემს მეტად გარისკონ და დაფარონ ეკონომიკის ის დარგები, რომელთაც ამჟამად ნაკლებად მიუწვდებათ ხელი დაფინანსებაზე.
ინიციატივა გააძლიერებს კერძო სექტორის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის საწარმოების შესაძლებლობებს, რათა შეძლონ ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ამაღლება, რაც მიიღწევა შემდეგით:
- ადგილობრივი ბანკებისა და სხვა საფინანსო შუამავლებისთვის მცირე და საშუალო ზომის საწარმოებზე გაცემულ სესხებზე გარანტიის შეთავაზება ევროპის საინვესტიციო ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში, რაც მათ საშუალებას მისცემს გააუმჯობესონ სასესხო პირობები და ამგვარად დაფინანსება უფრო ხელმისაწვდომი გახადონ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის.
- ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენა საფინანსო შუამავლებისთვის ინსტიტუციონალურ და შესაძლებლობის ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობების მეშვეობით, აგრეთვე საკონსულტაციო მომსახურების შეთავაზება მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის როგორც რეგიონულ, ასევე ადგილობრივ დონეზე სოფლის განვითარების წახალისებით, სადაც განსაკუთრებული ყურადღება აგრო-სასურსათო ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებას დაეთმობა.
- მიკროსაწარმოების მხარდაჭერა ადგილობრივი მიკროსაფინანსო ინსტიტუტების მეშვეობით.
კონფერენცია ჩატარდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით.
დამატებითი ინფორმაცია
"ინოვფინი – ევროკავშირის დაფინანსება ნოვატორებისთვის" წარმოადგენს ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მიერ ევროკომისიასთან თანამშრომლობით შემუშავებულ ერთობლივ ინიციატივას, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, "ჰორიზონტი 2020"-ის ფარგლებში.
"ინოვფინი" (InnovFin) არის ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მიერ შემოთავაზებული ინტეგრირებული და დამატებითი ფინანსური ინსტრუმენტებისა და საკონსულტაციო მომსახურებათა ერთობლიობა, რომელიც კვლევისა და ინოვაციის მთელ ღირებულებათა ჯაჭვს მოიცავს, რათა ხელი შეუწყოს ინვესტიციების განხორციელებას ყველგან, დაწყებული მცირედან და დამთავრებული დიდი საწარმოებით.
2017 წლის თებერვალში, ევროპის საინვესტიციო ფონდმა და ს.ს. პროკრედიტ ბანკმა (საქართველო) ხელი მოაწერეს პირველ ხელშეკრულებას "ინოვფინის" ფარგლებში, რომელიც მიმართულია საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო ზომის საწარმოებზე და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებზე. ეს ხელშეკრულება, რომელსაც ზურგს უმაგრებს "ინოვფინის" მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის გარანტიის ინსტრუმენტი, საშუალებას მისცემს პროკრედიტ ბანკს 50 მილიონი ევროს მოცულობის სესხი გასცეს ნოვატორ კომპანიებზე მომდევნო ორი წლის განმავლობაში. "ინოვფინის" გარანტიის სწორედ ეს ინსტრუმენტი იქნა წარდგენილი კონფერენციაზე.
ზოგადი ინფორმაცია:
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) - ევროკავშირის ბანკი საქართველოში პროექტებს აფინანსებს "ევროკავშირის საგარეო სესხების მანდატის" საფუძველზე. ამ მანდატით EIB-ს ეძლევა ევროკავშირის ბიუჯეტით უზრუნველყოფილი გარანტია პროექტების დასაფინანსებლად ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურა, ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კუთხით, და კლიმატურ ცვლილებებთან გამკლავება და ადაპტაცია.
EIB არის AAA რეიტინგის მქონე, ევროკავშირის საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც სასესხო კაპიტალის ბაზრებიდან იზიდავს სახსრებს შემდგომი გასესხების მიზნით ისეთი ინვესტიციების დასაფინანსებლად, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესრულებას უწყობს ხელს. EIB მიღებულ ფინანსურ უპირატესობას ანაწილებს სარგებლიანი პირობებით, როგორიცაა მიმზიდველი საპროცენტო განაკვეთი და დაფარვის ხანგრძლივი ვადა, ისეთ პროექტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ევროკავშირის ამოცანების შესასრულებლად და თანხვედრაშია ბანკის განზრახვასთან ხელი შეუწყოს ჯანსაღ, მდგრად ინვესტიციებს. EIB-ის დიდი გამოცდილება პროექტების დაფინანსებაში, საკუთარი დარგობრივი ექსპერტული ცოდნა და ევროპული პოლიტიკის საფუძვლიანი ცოდნა აადვილებს ისეთი პროექტების განსაზღვრას, რომლებიც ერგება როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის პრიორიტეტებს. EIB-ის მიერ პროექტის შეფასების ეტაპი მოიცავს ტექნიკურ, ეკონომიკურ, ფინანსურ, გარემოს და სოციალურ ასპექტებს, ისევე როგორც საკრედიტო რისკებს, უზრუნველყოფს შესაფერისი მამოძრავებლების და პირობების შექმნას და ეხმარება პროექტების ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად ჩამოყალიბებაში. აქედან გამომდინარე, EIB ერთგვარი ფლაგმანია საზღვრებს მიღმა ევროკავშირის პოლიტიკის გატარებაში, ხელს უწყობს საუკეთესო პრაქტიკის გავრცელებას და აადვილებს სხვა დამფინანსებელთა მონაწილეობას ევროკავშირისთვის პრიორიტეტულ პროექტებში.
ევროპის საინვესტიციო ფონდი (EIF) ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის ნაწილია. მისი ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს ევროპის მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით. ევროპის საინვესტიციო ფონდი ქმნის და ავითარებს სარისკო კაპიტალს და კაპიტალის ზრდას, გარანტიებს და მიკროსაფინანსო ინსტრუმენტებს, რომლებიც კონკრეტულად ამ სეგმენტზეა გათვლილი. ამ მხრივ, ევროპის საინვესტიციო ფონდი ხელს უწყობს ევროკავშირის მიზნების განხორციელებას ინოვაციის, კვლევის და განვითარების, მეწარმეობის, ზრდისა და დასაქმების მხარდასაჭერად.
2016 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ევროკავშირის ყველა ქმედება, რომელიც მიმართულია მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ერთიანდება "ევროკავშირი ბიზნესისთვის" (EU4Business) პროგრამის ქოლგის ქვეშ.
"ევროკავშირი ბიზნესისთვის" პროგრამით უზრუნველყოფილია:
- ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა; კანონებისა და რეგულაციების შეცვლასა და გაუმჯობესებაში დახმარება; უკეთესი სარეგულაციო ჩარჩოს შექმნა ინვესტორთა ნდობის გასაუმჯობესებლად;
- "ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციათა" (BSOs) ხელშეწყობა, რადგან საწევრო ორგანიზაციები საშუალებას იძლევა მთავრობასა და ბიზნესს შორის დიალოგი შედგეს. "ევროკავშირი ბიზნესისთვის" პროგრამას შეუძლია ორგანიზება გაუწიოს საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგს (PPD), თანამშრომლობასა და კავშირების დამყარებას;
პირდაპირი მხარდაჭერა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, მაგალითად, დაფინანსების, ტრენინგების, სწავლებისა და კონსულტაციის უზრუნველყოფით, ასევე იმპორტ-ექსპორტში და პარტნიორების მოძიებაში დახმარებით.