ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი დაფიქსირდა აშშ-ის საკანონმდებლო აქტში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დონალდ ტრამპის მიერ საბიუჯეტო კანონზე ხელმოწერას.
მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ჩანაწერი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.
„აღნიშნული აქტის ხელმოწერა არის განსაკუთრებული საქართველოსთვის და ძალიან მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო და მას აქვს პოლიტიკური და ფინანსური განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოსთვის, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი დაფიქსირდა აშშ-ის საკანონმდებლო აქტში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას, კანონში საქართველოს მხარდამჭერი ტექსტი სათაურით - საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია არის მოცემული.
ტექსტის თანახმად ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს შესაბამის ქვეყნებს და სიას და, შესაბამისად, თუ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.
აშშ-ის წარმომადგენლებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში აეკრძალათ იმ პროგრამების მხარდაჭერა, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა აშშ-ის მთავარი მდივანი კონგრესის შესაბამის კომიტეტს წარუდგენს, რუსეთის ფედერაციის მიერ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ ანგარიშს, ოკუპაციასთან დაკავშირებით სავარაუდო დანახარჯებს.
მისივე განცხადებით, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის გამოყოფილია არანაკლებ 100 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება რუსეთის ზეგავლენისა და აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად და ასევე კანონი გამოყოფს დამატებით დაფინანსებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის როგორც ევროპასთან ასოცირების სავაჭრო შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით, ასევე საგარეო ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის შემცირების მიმართულებით.