აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ დღეს პოეტის ზურაბ გორგილაძის საფლავი ყვავილებით შეამკო. ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზოში პოეტის საფლავზე იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები და მეგობრები, საქართველოს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მწერალთა კავშირის წევრები. მათ გაიხსენეს ზურაბ გორგილაძის სახალხოდ ქცეული ლექსები და პოეზიის მარგალიტები. პოეტის სულის მოსახენიებელი პანაშვიდი საკათედრო ტაძრის მოძღვრებმა მამა სერგიმ და მამა ანდრიამ აღავლინეს.
,,დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე - ჩვენი კუთხის გამოჩენილი შვილის, სასახელო პოეტის, ზურაბ გორგილაძის 80 წლის იუბილე. მინდა თითოეულ ჩვენგანს მივულოცო ეს დღე. ზურაბ გორგილაძე იყო ყველასათვის საყვარელი პოეტი, გამორჩეული პიროვნება და მშობლიური კუთხის და ქვეყნის კეთილდღეობისთვის მებრძოლი ადამიანი. ის იყო არაჩვეულებრივი პოეტი, ამიტომაც სიცოცხლეშივე დაიმსახურა მშობელი ხალხის სიყვარული. მჯერა, არაერთი თაობა გაიზრდება მის ლექსებზე. მის სახელს, მის შემოქმედებას დაფასება და მოფრთხილება სჭირდება"-აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარე.
დღესვე, ზურაბ გორგილაძის მშობლიურ სოფელ გორგაძეებში მდებარე მამისეულ სახლში პოეტის სახლმუზეუმი გაიხსნება, ჩაქვის პირველ საჯარო სკოლაში კი პოეტის მემორიალი დაიდგმება, რომლის გარშემოც მისი სახელობის სკვერი მოეწყობა. დღის ბოლოს კი ხალას კულტურის სახლში ზურაბ გორგილაძის საიუბილეო საღამო გაიმართება.