პარლამენტში საკანონმდებლო წინადადების წარდგენის წესი რთულდება. ცვლილებები რეგლამენტის იმ მუხლში შედის, რომელიც საკანონმდებლო წინადადების წარდგენისა და განხილვის წესს არეგულირებს. პროექტი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა და მისმა პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.
ინიცირებულია ცვლილებების მიხედვით, პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება უნდა შეიცავდეს მისი საჭიროების ავტორისეულ დასაბუთებას - ცვლილებების მიზეზისა და არსის მითითებით. კერძოდ, მითითებული უნდა იყოს საკანონმდებლო წინადადების მიზეზი და არსი.
გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადების განხილვისათვის სადღეისოდ დადგენილი 20-დღიანი ვადა, 30-დღემდე იზრდება, ხოლო ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30-დღისა. ასევე პროექტით გათვალისწინებულია, რომ თუკი საკანონმდებლო წინადადებაში არის ხარვეზი და ის რეგლამეტით დადგენილ მოთხოვნებს არ პასუხობს, საკანონმდებლო წინადადების ავტორს შეიძლება დაუდგინდეს 10-დღიანი ვადა, ხარვეზის გამოსწორებისათვის. თუ ხარვეზის გამოსწორება არ მოხდება, საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად ჩაითვლება.
როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, მნიშვნელოვანია პარლამენტმა საკანონმდებლო წინადადებების მეშვეობით მოქალაქის ხმა გაიგოს, მაგრამ არ უნდა მოხდეს ისე, რომ საკანონმდებლო წინადადების მექანიზმი არარაციონალურად იყოს გამოყენებული.
რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა.