მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ქართული ავიაკომპანია "Georgian Airways" რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას თბილისიდან - სოჭის და ბათუმიდან - თელ-ავივის მიმართულებით იწყებს. ავიაკომპანია ასევე განაახლებს რეგულარულ ოპერირებას თბილისსა და თეირანს შორის და ადგილობრივ ფრენებს თბილისსა და ბათუმს შორის.
ავიაკომპანიის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი განრიგების მიხედვით ფრენები შემდეგი სიხშირით განხორციელდება:
► თბილისი-სოჭი-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირება 2 ივნისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება;
► თბილისი-თეირანი-თბილისის მიმართულებით ავიარეისები 9 მაისიდან - 5 ივნისამდე კვირაში 2 სიხშირით (სამშაბათი, პარასკევი), 5 ივნისიდან 29 სექტემბრამდე კი 4 სიხშირით (სამშაბათი დღეში 2-ჯერ, პარასკევი, შაბათი) განხორციელდება;
► ბათუმი-თელ ავივი-ბათუმის რეგულარული ფრენები - 4 მაისიდან 15 ოქტომბრამდე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება;
► რაც შეეხება ადგილობრივ რეგულარულ რეისებს, "Georgian Airways"-ის მიერ სააგენტოსთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ფრენების სიხშირე ზაფხულის სანავიაგაციო სეზონის ბოლომდე ეტაპობრივად გაიზრდება. ბათუმის მიმართულებით ავიაკომპანიამ ორი რეისი უკვე განახორციელა.
რეგულარული რეისები Boeing B737 და CL600 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ თბილისი-სოჭი-თბილისი წარმოადგენს ახალ მიმართულებას "Georgian Airways"-სთვის, ხოლო ბათუმსა და თელ ავივს შორის ავიაკომპანია აქამდე მხოლოდ ჩარტერულ ფრენებს ახორციელებდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ქართულ ავიაკომპანიას რეგულარული ფრენების შესასრულებლად აუცილებელი ნებართვები 3 მაისს მიენიჭა.