საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ მისი ოცნება სკოლებში ვაშლების თასის შემოღებაა.
როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, შვედეთსა და სხვა ქვეყნებშიც არის სკოლებში ვაშლის ჯამების დადგმის პრაქტიკა.
„ვთქვი, რომ ჩემი ოცნება მთლად ცარიელი ოცნება არაა, შვედეთში არის ასეთი პროექტი და სხვა ქვეყნებშიც. ჩემ კოლეგას ვესაუბრები ამ თემაზე და დიდი იმედი მაქვს, რომ ოცნება ჯერ ნაწილ სკოლებში გადაიქცევა რეალობად და მერე საბოლოოდ ყველა სკოლაში იქნება ვაშლიანი თასები. ჩემ ოცნებაში უფასოა ეს ვაშლები. ოცნებას არ მოყოლია დათვლილი ხარჯები, თუმცა, როდესაც განხორციელების ეტაპზე გადავალთ აუცილებლად დავითვლით“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, ახალი რეგულაცია, რომელიც სკოლებში ჯანსაღი კვების დანერგვას გულისხმობს ეტაპობრივად განხორციელდება და მთავარი მიზანია, რომ სკოლებში ეტაპობრივად აიკრძალოს არაჯანსაღი პროდუქციის გაყიდვა.
"ეს არის რეგულირება ახალი,რომელიც პირველ ეტაპზე აკრძალავს ყველაზე არაჯანსაღ პროდუქტებს, მაღალშაქრიან გაზიან სასმელებს, შოკოლადებს, "სუხარიკებს". პირველ ეტაპზე შევეცდებით, რომ ესენი გაქრეს სკოლის ბუფეტებიდან, შემდეგ ეტაპზე ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ხილისკენ, ბოსტნეულისკენ და მართლა ჯანსაღი რაციონისკენ გადავინაცვლოთ. ეს პროცესი იქნება ეტაპობრივი და მოგეხსენებათ, რომ ამის ოპერირებით კერძო კომპანიები არიან დაკავებულნი. ჩვენ არ გვინდა, რომ მათ რაღაც უეცარი სიურპრიზები შევუქმნათ, შესაბამისად შევეცდებით, ეს ცვლილებები ისეთ ტემპში განვახორციელოთ, რომ მოასწროს ამ ხალხმა რეალურად ბუფეტებში ჯანსაღი საკვების შემოტანა, თან ძალიან მნიშვნელოვანია, ფასზე არ აისახოს, არ გაძვირდეს სკოლის ბუფეტები. მგონია, რომ ჩვენ ამას შევძლებთ"- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.