ჩვენი მოქალაქეები ზედმიწევნით კარგად იცავენ უვიზო მგზავრობის პირობებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დაახლოებით, 25–30 ადამიანია უკან გამობრუნებული იმ მიზეზით, რომ ვერ აკმაყოფილებდნენ მოკლევადიანი მგზავრობის პირობებს, ან ერთხელ უკვე იმყოფებოდნენ და ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვა ჰქონდათ დაწესებული. მისივე თქმით, ეს მაჩვენებელი დიდი არ არის.
"ევროკავშირთან მიმართებაში სტატისტიკა ცოტა მოგვიანებით კეთდება, მაგრამ ჩვენი დაკვირვებიდან გამომდინარე, რამდენიმე ათეული ადამიანი, დაახლოებით, 25 – 30 ადამიანია უკან გამობრუნებული იმ მიზეზით, რომ ვერ აკმაყოფილებდნენ მოკლევადიანი მგზავრობის პირობებს, ან ერთხელ უკვე იმყოფებოდნენ და ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვა ჰქონდათ დაწესებული. ეს მაჩვენებელი დიდი ნამდვილად არ არის. ძალიან კარგი და ძალიან სასიხარულოა, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენი მოქალაქეები ზედმიწევნით კარგად იცავენ უვიზო მგზავრობის პირობებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალშიც ასე კარგად დაიცავენ და ჩვენ ამ მხრივ, პრობლემები არ შეგვექმნება”, - განაცხადა გიორგი ტაბატაძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ დაკვირვების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ 10-დან 15 000-მდე მოქალაქე შენგენის ზონის მიმართულებით უკვე გაემგზავრა.