ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესა და სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს ელენე გასტონს, გორან ლინდსა და როს ჰენდერსონს შორის შედგა, საუბარი საქართველოს საბანკო და არასაბანკო საფინანსო სექტორის ზედამხედველობა-რეგულირების გაძლიერებსა და სრულყოფის გზებსა და მეთოდებს შეეხო.
მხარეებმა მოსაზრებები გამოთქვეს საბანკო დაწესებულებების არაპროფილური აქტივების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სხვა საკრედიტო ინსტიტუტების საქმიანობის რეგულირების, მათი კლიენტების უფლებების დაცვის და საფინანსო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს ფორმირების მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ირაკლი კოვზანაძემ ხაზი გაუსვა საფინანსო სექტორის მდგრადობის და ამ მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკისა და მთავრობის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო და ხელისუფლების საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიზნებსა და ამოცანებზე, ასევე ეკონომიკური რეფორმების გზაზე სსფ-თან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მიმდინარე წლის მარტში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თანამშრომლობა საქართველოსთან განაახლა, სამწლიანი ეკონომიკური პროგრამა დაამტკიცა და მხარდაჭეროს ფარგლებში საქართველოს 285.3 მილიონი გამოუყო.