აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ. დელეგაციის შემადგენლობაში გაეროს ცხრა ქვეყნის ელჩია წარმოდგენილი.
მათი ვიზიტის მიზანია საქართველოში არსებული ვითარების, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილზე გაცნობა.
აჭარის რეგიონის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალის გასაცნობად ელჩები ბათუმს 30 აპრილს ესტუმრნენ, დაათვალიერეს რეგიონის ღირშესანიშნაობები, გამართეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.
დღეს, სასტუმრო რადისონში, აჭარის მთავრობამ სტუმრებს რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის ამსახველი პრეზენტაცია წარუდგინა. გაეროს მუდმივ წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ. მისი თქმით, აჭარა საქართველოში საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალით გამორჩეული რეგიონია, გაეროს განვითარების პროგრამების დახმარებით მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტები ხორციელდება რეგიონის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით.
“გვიხარია, რომ ვიზიტი დაიწყო აჭარიდან, ბათუმიდან. ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია რეგიონის შესაძლებლობების შესახებ. ვფიქრობ, ეს არის შესანიშნავი საშუალება, რომ ჩვენი შესაძლებელობები გავიტანოთ კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში. გაეროს წვლილი ჩვენი რეგიონის განვითარებაში ძალიან დიდია და არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით“ - განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ.
„ჩვენი ვიზიტის მიზანი საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების დამყარებაა. ჩვენ ვიცნობთ ქართველი ხალხის მიღწევებს. მოხარული ვართ, რომ თქვენს ქვეყანაში ვითარდება ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა. შენდება ბევრი ტურისტული ობიექტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ყველა პირობა აქვს იყოს წარმატებული ქვეყანა. აჭარა ეს არის მნიშვნელოვანი რეგიონი მსოფლიოში ეკონომიკური თვალსაზრისით“ - აღნიშნა იემენის რესუბლიკის წარმომადგენელი გაეროში, ხალიდ ალემანმა.
გაერო-სთან აკრედიტირებული მუდმივმოქმედი წარმომადგენლები საქართველოში 4 მაისამდე დარჩებიან. ბათუმის შემდეგ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს ელჩები დედაქალაქში გამართავენ.