კუს ტბის საბაგიროთი სარგებლობის ტარიფი უცვლელი რჩება, ხოლო რიყე-ნარიყალას საბაგირო გზით სარგებლობის ფასი 1 ლარიდან 2.5 ლარამდე იზრდება. ცვლილებების პროექტი თბილისის საკრებულოში დღეს იურიდიულ საკითხთა კომისიამ მოიწონა.
ცნობისთვის, პირველად პროექტში თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ საკრებულოში თავდაპირველად შეტანილი ცვლილება ორივე საბაგიროთი მგზავრობის ტარიფის ლარიდან ორ ლარამდე ზრდას ითვალისწინებდა.
თუმცა, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, თევდორე კობახიძემ განაცხადა, რომ რიყე-ნარიყალას საბაგიროთი, ძირითადად, ტურისტები სარგებლობენ, რომლებისთვისაც მომატებული ტარიფიც მისაღები იქნება, ხოლო ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბის საბაგიროთი მოსარგებლე ადგილობრივი მოსახლეობისთვის ორ ლარამდე გაზრდილი ტარიფი მნიშვნელოვანი დარტყმა იქნებოდა.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა იურიდიულ საკითხთა კომისიის დღევანდელ სხდომაზე შესაბამისი ცვლილებით ახალი პროექტი წარმოადგინა, რომელსაც კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.