აჭარაში კიდევ ერთი სამკერვალო საწარმო ამოქმედდება. საწარმოს მშენებლობისთვის აჭარის მთავრობა ინვესტორს უკვე ეძებს.
ამ მიზნით ქობულეთში, დაბა ჩაქვში, აბაშიძის ქუჩა N2-ში მდებარე 1254,7 კვ/მ შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 10 230 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირობებიან აუქციონზე იყიდება და მისი საწყისი ღირებულება 2 მლნ 133 ათასი ლარია, ხოლო აქუციონი 11 მაისისთვისაა ჩანიშნული.
აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში, საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე სამკერვალო ფაბრიკისთვის საჭირო შენობა-ნაგებობ(ე)ბის სარემონტო სამუშაოების ან/და სამშენებლო სამუშაოების დაწყება და ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში სამკერვალო ფაბრიკის ამოქმედება უზრუნველყოს. სადაც 1 თვის ვადაში მინიმუმ 200 მოქალაქე, ხოლო 12 თვის ვადაში დამატებით 200 მოქალაქე უნდა დაასაქმოს. საწარმოში დასაქმებულთა მინიმუმ 90%-ი კი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს.
საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, ინვესტორმა 60 თვის განმავლობაში, პროექტში მინიმუმ 5 მლნ. ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.