აჭარაში მცხოვრებ იძულებით გადაადგლებულ და სოციალურად დაუცველ 122 ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცემა. ბინის მიღება მოსახლეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა , აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ და აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ მიულოცეს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან აჭარი მთავრობის თავმჯდომარეს 113 ოჯახისთვის ბინების სიმბოლურ ფასად გადაცემის თაობაზე ბრძანების პროექტი წარედგინა, რის შემდეგაც საკუთრებაში გადაცემის თაობაზე შესაბამისი ბრძანება გამოიცა.
პარალელურად დარჩენილი 9 ოჯახისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცედურები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე შესაბამისი დოკუმენტაციების მიღება ხდება,რომლის დასრულების შემდეგ, უახლოეს პერიოდში, ისინიც ბინის კანონიერი მესაკუთრეები გახდებიან.
პროცედურები მოქალაქეებისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს. აჭარის ა.რ მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობას წარედგინა ინიცირება სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული 136 საკადასტრო ერთეული უძრავი ქონების გადმოცემის თაობაზე. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქონება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადმოეცა.
ეს ოჯახები 2006 წლიდან სხვადასხვა ობიექტებში საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების გარეშე ცხოვრობენ. ამ ეტაპზე იძულებით გადადგილებული და სხვა ტიპის ოჯახები მეჯინისწყალის ტერიტორიაზე, ბათუმში ხახულის ქუჩაზე ყოფილი ტექნიკური სკოლის შენობაში, ლეონიძის ქუჩაზე ყოფილი მექანიკური ქარხანის შენობაში, მელიქიშვილის ქუჩაზე ყოფილ საბავშვო ბაღში, ჩაქვის ყოფილ სკოლაში, ქობულეთში ყოფილ მე-7 სკოლაში, ქობულეთის სასაზღვრო ბაღში, ქობულეთის ყოფილი სანიტარული ეპიდემიის სადგურის შენობაში ცხოვრობენ.