საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ყაზახეთის სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე და ზედამხედველობაზე უფლებამოსილ ორგანოებს მასპინძლობს.
ვიზიტის მიზანს საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარება და არსებული პრაქტიკის ადგილზე გაცნობა წარმოადგენს. პირველი შეხვედრა მხარეებს 24 აპრილს გაიმართა. სააგენტოში სტუმრად მყოფ დელეგაციაში ყაზახეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის, ავიაკომპანია “Air Astana”-ს, ასტანისა და აქტაუს საერთაშორისო აეროპორტების საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირველი პირები შედიან.
ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ყაზახური მხარე გაეცნობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეულ საქმიანობას როგორც ICAO-ს სტანდარტებთან შესაბამისი საავიაციო უშიშროების მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავების, ისე აღნიშნული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობის კუთხით. გაზირებული იქნება აგრეთვე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშრისო ორგანიზაციის (ICAO) ახალი მიდგომის - უწყვეტი მონიტორინგის ფარგლებში 2015 წელს სააგენტოში ჩატარებული აუდიტის მიღების პრაქტიკული გამოცდილება. აღნიშნული მიდგომით ICAO-ს საავიაციო უშიშროების აუდიტს ყაზახეთი 2017 წელს გაივლის.
ვიზიტის დასასრულს ყაზახეთის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე და ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანოების წარმომადგენლები გაეცნობიან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზომებს და შესაბამის ინფრასტრუქტურას.
ICAO-ს ოფიციალური დასკვნის მიხედვით, 2015 წელს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ჩატარებული აუდიტის შედეგების თანახმად, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის თვალსაზრისით საქართველოს საერთო მაჩვენებელმა 87.8% შეადგინა. უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის კუთხით, ქვეყანამ ICAO-ს აუდიტს 2008 წელსაც უმასპინძლა. მაშინ საქართველოს საერთო მაჩვენებელი 58%-ს უტოლდებოდა. 2015 წელს ჩატარებული აუდიტის შედეგად მიღებული საერთო მაჩვენებლებით, საქართველომ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა რეგიონში. შესაბამისი გამოცდილების გაზიარების მიზნით, 2016 წელს სააგენტოს ყირგიზეთის საავიაციო ხელისუფლების საავიაციო უშიშროების დეპარტამენტის წარმომადგენლებიც სტუმრობდნენ.