23 აპრილს ძლიერმა ქარმა აჭარაში ათობით საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. სახურავები დაზიანდა რამდენიმე საჯარო სკოლის შენობაზეც. ადგილზე დროულად იყვნენ მობილიზებულნი როგორც მუნიციპალიტეტის, ისე განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, რომელთა ძალისხმევით მოხერხდა საჯარო სკოლების დროებითი გადახურვა და დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გაყვანა.
ქალაქის ტერიტორიაზე მიყენებული ზარალის შესწავლა დღეიდან დაიწყება. თუმცა ამ დროისათვის ათამდე სახლი, რომელსაც ქარმა სახურავი გადახადა, დროებით გადაიხურა. ბათუმის ერთ-ერთი მოსაცდელზე მინები ჩაიმსხვრა. დაფიქსირდა ასევე მრავალწლოვანი ხის წაქცევა, რომელიც ბუნებრივი აირის მილს დაეცა. პრობლემურ უბნებში სალიკვიდაციო სამუშაოები დწყებულია. ათეულობით ზარი შევიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
ქარმა განსაკუთრებული ზიანი მიაყენა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, სადაც სახურავების დაზიანების 20-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ძლიერი ქარის შედეგად სოფელ თხილნარში მერაბ შაინიძის სახლი ჩამოიშალა. ოჯახს სახლი თვითნებურად სამშენებლო ნორმების დარღვევით ჰქონდა აშენებული. შაინიძეების 4 წევრიანი ოჯახი დროებით საცხოვრებლად ალტერნატიულ ფართშია გადაყვანილი. სტიქიის შედეგად სოფელ ახალშენის №1 სკოლას ნაწილობრივ თუნუქის სახურავი დაუზიანდა.
სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი შეიკრიბა ქობულეთის გამგეობაში. მთელი დღის მანძილზე მობილიზებული იყო სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები. ბოლო მონაცემებით დაზიანებულია 50-მდე მრავალბინიანი და საცხოვრებელი სახლის სახურავი, ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტრო ენერგია 2000-მდე აბონენტს არ მიეწოდება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ძლიერი ქარის შედეგად, შუახევში, სოფელ სხეფსა და ჩანჩხალოში, საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, ხოლო სოფელ ლაკლაკეთში დაზიანდა სკოლის სახურავი.
შედარებით ნაკლები ზიანი მოუტანა ქარმა ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებს.
ამ დროისათვის აჭარის ტერიტორიაზე ქარი ჩამდგარია. ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია რეგიონის მოსახლეობას უპრობლემოდ მიეწოდება. დაწყებულია თითოეული ოჯახის მდგომარეობის სპეციალური კომისიის მიერ შესწავლა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, რამდენიმე საჯარო სკოლის სახურავის დაზიანების მიუხედავად, ორშაბათიდან სწავლის პროცესი შეუფერხებლად გრძელდება.