ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 4 ქალი მოკლეს. სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმმ გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელ ერიკა კვაპილოვასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ასევე, რომ გასულ წელს 21, ხოლო 2015 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 16 ქალი იქნა მოკლული,
მისი თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის გაზიარება პარლამენტის მხრიდან, სამწუხაროდ, არ მოხდა.
”ქალთა მიმართ ძალადობის, განსაკუთრებით კი გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების მასშტაბები კვლავ შემაშფოთებელია. სულ რამდენიმე დღის წინ ქმარმა გულ-მკერდის არეში დანით მიყენებული 8 ჭრილობის შედეგად ადგილზე მოკლა ცოლი და ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომლის შესახებაც 2017 წელს შევიტყვეთ. პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, არ არსებობს სახელმწიფოს ერთიანი ხედვა შემთხვევათა პრევენციის რისკების შეფასების მექანიზმებისა და განმეორებითი ძალადობის შემთხვევათა თავიდან აცილების შესახებ. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ კვლავ არ ხდება დეტალური სტატისტიკური მონაცემების წარმოება, ანალიზი და მათზე დაყრდნობით პრევენციული ღონისძიებების წარმართვა”, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტზე ისაუბრებს.