დღეს საქართველოს ენერგეტიკისთვის, ქვეყნისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული დღეა, ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, „დარიალჰესი“ არის საძირკველი, რეგიონის გამდიდრებისა და გაძლიერების ათვლის წერტილი.
„მადლობა მინდა მოვახსენო პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს, მადლობა მინდა მოვახსენო EBRD-ს. წინასაარჩევნოდ წარმოდგენილი იყო ჩვენი ქვეყნის განვითარების 4-პუნქტიანი გეგმა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო სწორედ ენერგეტიკული განვითარება, ასეთი ენერგეტიკული პროექტები საშუალებას მოგვცემს, ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადავდგათ ნაბიჯები.
სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებობს დესტრუქციული ძალები, ვისაც უნდა ყველაფერი შავ-თეთრ ფერებში დახატოს მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ და ვერ აღუდგებიან წინ ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„დარიალჰესი“ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყველაზე დიდი სიმძლავრის ჰესია. მისი მდგრადი სიმძლავრე 108 მეგავატია. მისი საინვესტიციო ღირებულება 125 მილიონი დოლარია. „დარიალჰესი“ წლის განმავლობაში გეგმურად 510 მილიონ კილოვატ-საათ ენერგიას გამოიმუშავებს. „დარიალჰესის“ აშენებაში ერთობლივი ინვესტიციები განახორციელეს „დარიალენერჯიში“ შემავალმა ქართულმა და ამერიკულმა კომპანიებმა, EBRD-ის მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერით.