„დარიალჰესი“ არის ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში აშენდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „დარიალჰესის“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით „დარიალჰესი“ არის ყველაზე მძლავრი და თავისი კონსტრუქციით ყველასგან განსხვავებული სადგური, რომელმაც უკვე საფუძვეელი ჩაუყარა სხვა ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში, ვინაიდან დღეს არაერთი ელექტროსადგური ამ მოდელის მიხედვით შენდება.
„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რამდენად აქტუალურია ენერგოუსაფრთხოება და ენერგოპოლიტიკა დღეს და რამდენად მწვავე თემებია ეს მთელი მსოფლიოსთვის, მით უფრო, რომ დღევანდელ სამყაროში ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახლავთ.
ამიტომაც ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ საქართველოში შევძელით ამ მასშტაბის, ასეთი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის აშენება, რომლის ამუშავება უდიდეს წვლილს შეიტანს ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების საქმეში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, „დარიალჰესის“ აშენებაში ერთობლივი ინვესტიციები განახორციელეს „დარიალენერჯიში“ შემავალმა ქართულმა და ამერიკულმა კომპანიებმა, EBRD-ის მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 123 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ პროექტში აგრეთვე ჩართული იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რომლის წილობრივი მონაწილეობა 23%-ია. ეს არის ჰიდროენერგეტიკის სექტორში საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობის ყველაზე წარმატებული პროექტი.