ბოლო ხანს შესამჩნევია ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია, რაც, მათ შორის, მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმატებული ერთობლივი მუშაობის შედეგია, - განახაცხადა პრეზიდნტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
,,აქვე გვერდს ვერ ავუვლით მაღალ ინფლაციურ ფონს, რაც უმძიმესი ტვირთია მოსახლეობისთვის და კერძო სექტორიც ორმაგი წნეხის ქვეშაა. რადგან, ერთი მხრივ ძვირდება წარმოება და მეორე მხრივ იკლებს პროდუქტის რეალიზაცია.
ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ ეკონომიკა, მეწარმეობა, სახელმწიფოს ფუნქციონირების საფუძველია. შესაბამისად, მეწარმეებისთვის პირობების შექმნა, ხელისუფლების არა კეთილი ნება, არამედ საღი აზრის გამოვლინებაა.
ხელისუფლება ბიზნესთან კონსულტაციებს, თანამშრომლობას, ხელის შეწყობას უნდა აღიქვამდეს, არა როგორც პრეროგატივას, არამედ ვალდებულებას! მეტიც - უნდა აღიქვამდეს თავისივე გადარჩენისა და ფუნქციონირების წინაპირობად.
და თუ ჩვენ ეს ჭეშმარიტება კარგად გვესმის, მაშინ ეკონომიკური რეფორმების შემუშავება და დანერგვა, ბიზნესთან კონსულტაციების გარეშე არ უნდა ხდებოდეს.
მაშინ, სამუშაო ადგილების შემქმნელი სექტორის მხარდაჭერა, სახელმწიფოს სტრატეგიული მიზანი უნდა იყოს.
მაშინ, უნდა ამუშავდეს კერძო არბიტრაჟი, როგორც ბიზნეს-დავების განხილვის,ეფექტური და ალტერნატიული საშუალება.
მაშინ, კერძო და სახელმწიფო სექტორი ერთიანი ძალისხმევით უნდა მოქმედებდეს. კერძოდ კი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ბიზნესის დაჯარიმების გზით არა მის შესუსტებაზე, არამედ ბიზნესთან პარტნიორობასა და მეწარმეების მხრიდან დარღვევების თავიდან აცილებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.
მოუსმინოთ მათ, ვინც ქმნის ერის დოვლათს!
პარალელურად, ხაზგასასმელია სახელმწიფოს როლი ქვეყანაში კონკურენტული გარემოს შენარჩუნების კუთხით, რაც მთლიანობაში ძლიერი ეკონომიკის წინაპირობაა”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.