ქ. ლონდონში ევროპის სახლში საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭების აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ დიდ ბრიტანეთში მალტის, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის, უმაღლესი კომისრის ოფისი და საქართველოს საელჩო.
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კომისარმა ნორმან ჰამილტონმა და ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა.
მალტის უმაღლესმა კომისარმა მიულოცა საქართველოს მიღწეული შედეგი და აღნიშნა მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოსა და ევროკავშირისათვის.
საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ინსტიტუტებს და წევრ ქვეყნებს საქართველოს ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია „საქართველოს ევროპულ გზაზე“. მან განაცხადა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა კონკრეტული, ხელშესახები სარგებლის მომტანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც ხალხთა შორის კონტაქტების, ისე ტურისტული, საგანმანათლებლო-კულტურული და ბიზნეს კავშირების დამყარების კუთხით, რაც მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სრულფასოვნად განხორციელებისთვის. თამარ ბერუჩაშვილმა ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის აღნიშნული სარგებლის ხელმისაწვდომობაზე.
ღონისძიებას დაესწრნენ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ჯონათან ჯანოღლი, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები. მათ კიდევ ერთხელ მიულოცეს საქართველოს ეს ისტორიული თარიღი და გამოთქვეს საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერა.
საზეიმო მიღებაზე მოწვეულნი იყვნენ ქართული დიასპორის, ქ. ლონდონში ქართული ეკლესიის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები - ეკა ბესელია და ირაკლი სესიაშვილი, რომლებიც ქ. ლონდონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.