არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, "ეს შეხ გეხებას" კამპანიის ფარგლებში ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული კანონის გასაჩივრება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ასევე მათ შეუძლიათ სარჩელის მომზადებაში მიიღონ მონაწილეობა, გამოყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმი და გაასაჩივროს კანონი.
"გასაჩივრებისთვის საჭიროა საქართველოს მოქალაქემ შეავსოს ელექტორნული სარჩელის ყველა სავალდებულო ველი, www.esshengexeba.ge -ზე გაეცნოს სარჩელის შინაარსს, დაბეჭდროს ტექსტი და ხელმოწერის შემდეგ მიიტანოს ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში 6 აპრილამდე,"- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო 22 მარტს დაძლია. პრეზიდენტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონს ვეტო 20 მარტს დაადო. მან ვეტოს უფლების გამოყენება კანონში არსებული ორი ძირითადი ხარვეზით ახსნა. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ცვლილებების მიხედვით სუს-ს დაქვემდებარებული სააგენტო დამოუკიდებელი ვერ იქნება. მარგველაშვილი ასევე ამბობს, რომ კანონი გაუმართლებელ და არაპროგნოზირებად ხარჯებს აკისრებს საკომუნიკაციო კომპანიებს.
საქართველოს პარლამენტმა ფარული საგამოძიებო ქმედებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი 1 მარტს მიიღო.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ფარული მოსმენების განსახორციელებლად სუს-ის დაქვემდებარებაში "ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო" იქმნება. უწყების ტექნიკურ აღჭურვაზე და შენობა-პერსონალის შენახვაზე 2018 წელს 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მობილური ოპერატორები სააგენტოს მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში 200 000 ლარამდე დაჯარიმდებიან. ზედიზედ 4-ჯერ დაჯარიმების შემთხვევაში კი, საქმიანობის უფლება ჩამოერთმევათ. უწყებას მობილური ოპერატორების აუდირების უფლებაც ექნება.