შინაპატიმრობის მოწყობილობა არის ძვირი და ბუნებრივია, დასჭირდება დეპოზიტის თანხები, რაც დარეგულირდება ნორმატიული აქტით, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ”პატიმრობის კოდექსში” ცვლილების პროექტის წარდგენისას განაცხადა.
”ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნაში - როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, შინაპატიმრობა შეიძლება ფასიანი სერვისი გახდეს. საფასური მინისტრის ბრძანებით დადგინდება”, - აღნიშნა მინისტრმა.
საკანონმდებლო პაკეტში, რომელიც ცვლილებებს ოც კანონში ითვალისწინებს, საუბარია, როგორც საქართველოში გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულების შექმნაზე, ასევე შინაპატიმრობაზე, პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, საოჯახო პაემანებზე, უმაღლესი განათლების მიღებაზე, ტელევიზორითა და რადიოთი სარგებლობის უფლებაზე და პატიმართა ტანსაცმლით, ფეხსაცმლითა და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფაზე.