თბილისი-ბათუმის მიმართულებით ავიარეისები შესაძლოა ქართულმა ავიაკომპანია “Georgian Airways“-მა („აირზენა“) შეასრულოს. კომპანიის დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის განმარტებით, ავიაკომპანია თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ოპერირებას აპირებს. გაიაშვილი ამბობს, რომ „Georgian Airways“-ი ამ ეტაპზე შესაბამის სტრუქტურებთან მოლაპარაკებების რეჟიმშია და საბოლოო გადაწყვეტილება ერთი კვირის განმავლობაში იქნება მიღებული. შესაბამისად, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ერთი კვირის მერე გახდება ცნობილი თუ კვირის განმავლობაში რამდენი სიხშირით იფრენს ავიაკომპანია აღნიშნულ მარშრუტზე.
აღსანიშნავია, რომ “Georgian Airways“-ი თბილისი-ბათუმის მიმართულებით გასულ წლებშიც დაფრინავდა, თუმცა 2016 წლის სეზონზე კომპანიას ფრენები აღარ შეუსრულებია, რაც მაშინ ამ მიმართულების არარენტაბელურობით ახსნა. 2016 წლის სეზონზე თბილისი-ბათუმის მიმართულებით ფრენებს ყაზახური ავიაკომპანია Sky Bus-ი ასრულებდა.