ევროპულმა ავიაჰოლდინგმა International Airlines Group-მა (IAG) ოფიციალურად წარმოადგინა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის სახელიც Level-ია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაზეთი El Pais-ი ავრცელებს.
უკვე ცნობილია, რომ ლოუ-კოსტერი ტრანსატლანტიკურ ფრენებს ბარსელონას ელ პრატის საერთაშორისო აეროპორტიდან განახორციელებს.
ავიაკომპანია ფრენების განხორციელებას 1-ელი ივნისიდან დაიწყებს. წინასწარი ინფორმაციით, Level-ი ბარსელონადან ლოს-ანჟელესისა და სან-ფრანცისკოს მიმართულებით იფრენს. წინასწარი ინფორმაციითვე Level-ი დომინიკის რესპუბლიკაში პუნტა-კანასა და არგენტინაში ბუენოს-აირესის მიმართულებით შეასრულებს რეისებს. აშშ-ს მიმართულებით რეისებს 99 ევროდან, ხოლო ლათინური ამერიკის მიმართულებით 149 ევროდან განახორციელებს. ფრენები Airbus A330-ის ხომალდებით მეშვეობით შესრულდება.
აღსანიშნავია, რომ International Airlines Group-ი ევროპის მასშტაბით სიდიდით მეორე ავიაჰოლდინგია. ის 2011 წელს British Airways-სა და Iberia-ს ინიციატივით ჩამოყალიბდა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს IAG-ის სუფთა შემოსავალმა 1,95 მლრდ ევრო შეადგინა, რაც 28,8%-ით მეტია 2015 წლის შემოსავლებთან შედარებით.