მოსულის გათავისუფლების ოპერაცია გრძელდება. საბრძოლო მოქმედებები ქალაქის დასავლეთ ნაწილში მიმდინარეობს. ოფიციალური ბაღდადის მტკიცებით, სახელისუფლო ძალებმა კონტროლი დასავლეთ მოსულის ორ-მესამედზე უკვე დაამყარეს. საჰაერო მხარდაჭერას არმიის შენაერთებს კოალიციის ავიაცია უწევს. სააგენტო „ირაქი ნიუსის“ ინფორმაციით, საჰაერო დარტყმებს ბოლო 24 საათის განმავლობაში „ისლამური სახელმწიფოს“ ათობით მებრძოლი ემსხვერპლა. მათ შორისაა საავიაციო ინჟინერი აბუ მუჰამედ ალ რუსიც, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო და ისლამისტთა რიგებში იბრძოდა.