საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად ძიძიგური და პარლამენტის წევრები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებპლატფორმის - „ბიუჯეტის მონიტორის“ პრეზენტაციას დაესწრნენ. ღონისძიება პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გაიმართა.
„აუდიტის სამსახურის ეფექტიანობა განპირობებულია საქართველოს პარლამენტის ეფექტურობით, ჩვენი კომუნიკაციით. შესაბამისად, ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დღეს შეგვიძლია, თქვენს წინაშე წარვადგინოთ ჩვენი ინოვაციური პროექტი, რომელიც კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს ბიუჯეტის მონიტორინგს, უფრო მეტ ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას“,- განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) პროგრამის ხელმძღვანელის, დევიდ სმიტის შეფასებით, „ბიუჯეტის მონიტორი“ უნიკალური და მომხმარებელზე ორიენტირებულია. „ის საინტერესო ხელსაწყოა როგორც ზოგადად აქტიური მოქალაქეებისთვის, ასევე, მედიისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და განსაკუთრებით-საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის და აპარატის თანამშრომლებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს და აპარატის თანამშრომლებს, რომ უკეთესად და აქტიურად გამოიყენონ ეს პლატფორმა და ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვა რესურსები ბიუჯეტის კონტროლის განხორციელებისას“,- განაცხადა დევიდ სმიტმა.