ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "გირჩის" საინიციატივო ჯგუფს სარეფერენდუმოდ წარდგენილი კითხვის - "თანახმა ხართ თუ არა, რომ მოხდეს კანაფის და კანაფის პროდუქტების ლეგალიზაცია, ანუ ისევე რეგულირდებოდეს, როგორც თამბაქო და სპირტიანი სასმელები?" - რეგისტრაციაზე უარი უთხრა.
ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ სხდომის განკარგულებაში სარეფერენდუმი კითხვის რეგისტრაციაზე უარის თქმის 3 მიზეზია დასახელებული:
- საინიციატივო ჯგუფის მიერ შემოთავაზებული სარეფერენდუმო კითხვა მრავალფრაგმენტიანია, გამორიცხავს რეფერენდუმში მონაწილეთა მიერ მასზე ცალსახა და კონკრეტული პასუხის გაცემის შესაძლებლობას.
- მოცემულ შემთხვევაში, სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული კითხვა ბუნდოვანია და რეფერენდუმში მონაწილეთათვის გაუგებარი იქნება, თუ რა მოიაზრება სიტყვებში "კანაფი და კანაფის პროდუქტები".
- ბუნდოვანი და გაურკვეველია, რა იგულისხმება სარეფერენდუმო-საინიციატივო ჯგუფის მიერ კანაფისა და კანაფის პროდუქტების ლეგალიზაციაში. ტერმინ "ლეგალიზაციის" კანონისმიერი განმარტება მოცემულია მხოლოდ "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონში, რომლის თანახმად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას წარმოადგენს უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება).
სარეფერენდუმო კითხვა საინიციატივო ჯგუფმა (ზურაბ ჯაფარიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, იაგო ხვიჩია) ცესკოში 8 თებერვალს შეიტანეს.