საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 9 მარტის საჯარო სხდომაზე შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისათვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ იმსჯელა. კომისიაში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა მიმდინარე წლის 6 აპრილი, ხოლო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად - მიმდინარე წლის 24 ივლისი.
ამავე სხდომაზე დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფების დადგენის თაობაზე. კომისიაში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადად დასახელდა მიმდინარე წლის 6 აპრილი, ხოლო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად - მიმდინარე წლის 28 ივლისი.
მიმდინარე წლის 6 აპრილის 18:00 საათამდე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა კომისიაში წარადგინოს მოსაზრებები შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისა“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მოსაზრებების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.