ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ივლისში დაიწყებს ფუნქციონირებას. თურქეთის ტრანსპორტირების, ზღვაოსნობისა და კომუნიკაციების მინისტრმა აჰმედ არსლანმა ყარსში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტის დასრულება დაიწყო.
„ორ თვეში მშენებლობა დასრულდება და მომდევნო ორ თვეში კი ტესტირება ჩატარდება, რის შემდეგაც ივნისში უკვე გვსურს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით თბომავალმა დაიწყოს ფუნქციონირება“ -განაცხადა აჰმედ არსლანმა.
მისივე თქმით, ეს პროექტი არა მხოლოდ თურქეთისთვის, არამედ ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომლებსაც თურქეთის გავლით ვაჭრობის განხორციელება სურს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩინეთიდან, ყაზახეთიდან, თურქმენეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან წამოსული ტვირთი თურქეთის გავლით გადავა ევროპაში.
თურქი მინისტრის განცხადებით, ჩინეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში, მსოფლიო ბაზარზე გამავალი პროდუქცია ზღვით 45-დან 60 დღემდე პერიოდში ჩადის, ასევე რუსეთის ჩრდილოეთ დერეფნის გავლით მიმავალი პროდუქცია დანიშნულების ადგილამდე ერთ თვეზე მეტ დროში აღწევს.
აჰმედ არსლანმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზით კი დროისა და ფინანსების ხარჯვა შემცირდება.