სტამბოლში საბიჰა გოგჩენის (Sabiha Gokcen, Turkey) აეროპორტში ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა სტამბოლი-თბილისის და თბილისი-სტამბოლის რეისები გააუქმა. ფრენა სტამბოლიდან 00:15 საათზე უნდა განხორციელებულიყო, ხოლო თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 03:30 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო. გაუქმებულია ასევე თბილისი-სტამბოლის რეისიც, რომელსაც კომპანია საბიჰა გოგჩენის აეროპორტში ასრულებს.
როგორც თურქული მედია წერს, მეტეოროლოგიური პირობების გამო, თურქეთის საავიაციო ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო და საბიჰა გოგჩენის აეროპორტიდან ყველა რეისი დროებით გააუქმა.
როგორც Pegasus Airlines-ის წარმომადგენელი საქართველოში კომპანია GASA-ში აცხადებენ, 161 მგზავრი უსაფრთხოდ იმყოფება და ისინი სასტუმროში არიან გადაყვანილნი. GASA-ს ინფორმაციით, აეროპორტში ფრენების აღდგენის შემდეგ დაინიშნება მეორე რეისიც, რათა სტამბოლში ჩარჩენილი მგზავრების ქვეყანაში ჩამოყვანა დროულად მოხერხდეს. GASA არ გამორიცხავს, რომ სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტიდან ფრენები დღესვე აღდგეს და შესაბამისად Pegasus Airlines-მაც მგზავრები დანიშნულების ადგილზე დღესვე ჩამოიყვანოს.