იანვარში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მაღალია, რაც მნიშვნელოვანი საფუძველია მომავალ თვეებში მსგავსი ტენდენციის შესანარჩუნებლად, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა 2017 წლის იანვარში მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კომენტირებისას.
„ჩვენი, როგორც მთავრობის, ისე ფინანსთა სამინისტროს გაცხადებული პრიორიტეტი ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარებაა. ეს მიზანი ასახულია როგორც მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმაში, ისე მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში. მიღებულმა სწორმა გადაწყვეტილებებმა როგორც ზოგადად ეკონომიკურ, ასევე საგადასახდო პოლიტიკაში განაპირობა სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანი საფუძვლის შექმნა. იანვრის მაჩვენებელი მართლაც ძალიან მაღალია და ის მნიშვნელოვანი საფუძველია მომავალ თვეებში მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად”, - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყანაში ხორციელდება საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც მოიცავს უმნიშვნელოვანეს რეფორმას მოგების გადასახადის შესახებ. მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა უპრეცედენტოა როგორც რეგიონის მასშტაბით, ისე თავისი მნიშვნელობით. რეფორმა მიმართულია რეინვესტირების გასაზრდელად, რაც დადებითად მოქმედებს ზოგადად ეკონომიკასა და დასაქმების მაჩვენებელზე.
ცოტნე ყავლაშვილმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მთავრობის სახარჯო პოლიტიკაზე. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია მთავრობის მზაობა, განახორციელოს და დააფინანსოს ინფრასტრუქტურული პროექტები. „აღნიშნული გადაწყვეტილებები იმის საფუძველია, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდას მოგვცემს როგორც 2017 წელს, ისე მომავალ წლებშიც საშუალოვადიან პერიოდში.
რაც შეეხება დღგ-ს ნაწილში გადამხდელთა რაოდენობის შესახებ საქსტატის მონაცემებს, მინისტრის მოადგილის თქმით, დღგ-ს ნაწილში გადამხდელთა ბრუნვების ზრდის მაჩვენებელს ეფუძნება ეს შეფასება.
”ბიუჯეტში რიცხვების ჩადება და მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინება ხორციელდება მრავალი ანალიზით და განსჯის შემდეგ 4%-იანი ზრდა მიღწევადია 2017 წელს”, - აღნიშნა ცოტნე ყავლაშვილმა.