სტამბულში მორიგი მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება. თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლის მთავარ მოედანზე - ტაქსიმზე - მეჩეთის მშენებლობა იგეგმება. ქალაქის ადმინისტრაციის მიერ პროექტი უკვე მოწონებულია. მეჩეთის არქიტექტორი შეფიკა ბირკიე და სელიმა დალამანა იქნებიან.
ცნობილია, რომ შენობაში 1482 კვ/მ ფართობი ხელოვნების გალერეას დაეთმობა.
მეჩეთის სიმაღლე 30,3 მეტრი იქნება, საიდანაც 20,7 მეტრი მთავარი შენობა, ხოლო 9,6 მეტრი გუმბათი იქნება.
შენობის პირველ სართულზე საკონფერენციო დარბაზი განთავსდება. შენობის ქვემოთ კი 180 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.
აღსანიშნავია, რომ 1983 წლიდან ტაქსიმის მოედანზე მეჩეთის, ბაზრობის ან პარკინგის მშენებლობა აიკრძალა. 2013 წელს შესაბამისი ნებართვის საფუძველზე მეჩეთის პროექტი მომზადდა, რომლის მშენებლობაც მალე უნდა დაწყებულიყო, თუმცა 2015 წელს სასამართლომ პროექტი შეაჩერა.