კომპანია „თელასი“ მომხმარებელს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი სტანდარტებით მოემსახურება.
კომისიის 2016 წლის 25 ივლისის N13 დადგენილების „მომსახურების კომერციული ხარისხის წესების დამტკიცების შესახებ“ თანახმად, ელექტროგამანაწილებელი კომპანიებისათვის დადგენილი იქნა სხვადასხვა მომსახურების სტანდარტები.
კომპანია „თელასში“ ეროვნული კომისიის სტანდარტებით დადგენილი პრაქტიკულად ყველა სერვისი სათანადო დონეზეა: ახალ აბონენტად რეგისტრაცია და გამანაწილებელ ქსელზე მიერთება; ტექნიკური მომსახურება, დავალიანების, ელექტროენერგიის გეგმიური ან ავარიული გამორთვების შესახებ ინფორმაცის მიწოდება; SMS შეტყობინებების სერვისი, სერვისი „ცხელი ხაზი“ და ა.შ.
მომხმარებლებისათვის მოქმედებს კომპანიის ვებ-გვერდი (telasi.ge), რომლის საშუალებითაც აბონენტს შეუძლია სერვისების უმეტესობა ონლაინ რეჟიმში მიიღოს.
კომისიის სტანდარტების შესაბამისად „თელასში“ დაინერგა ელექტრონული ჟურნალი, რომელშიც ონლაინ რეჟიმში ფიქსირდება მომხმარებელთა შეტყობინებები, პრეტენზიები და ასევე ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორი რეაგირება მოახდინა კომპანიამ აბონენტის ამა თუ იმ პრეტენზიაზე.
SMS შეტყობინებების სერვისის გაუმჯობესების მიზნით, სს „თელასი“ მოსახლეობას მიმართავს თხოვნით, მიაწოდონ კომპანიის თანამშრომლებს აბონენტების მობილური ტელეფონების ნომრები.
მობილურის ნომრები კომპანიას სჭირდება SMS-შეტყობინებების დასაგზავნად, რომელთა მეშვეობით აბონენტები შეძლებენ მიიღონ ინფორმაცია გეგმიური და ავარიული გათიშვების, ელექტროენერგიის, წყალმომარაგების, დასუფთავების დავალიანების და გადაუხდელობის შედეგად ელექტრომომარაგების შეწყვეტის შესახებ.
აბონენტებს შეუძლიათ მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია კომპანიის თანამშრომლებს, რომლებსაც თან ექნებათ „თელასის“ წარმომადგენლის დამადასტურებელი საბუთი. ამასთანავე, აბონენტებს შეუძლიათ თავისი მობილური ტელეფონების ნომრები მიაწოდონ კომპანიას ვებ-გვერდზე „აბონენტის პირადი კაბინეტის“ გამოყენებით, დარეკონ კომპანიის call-ცენტრში ან ბიზნეს ცენტრში.
სს „თელასის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს მომხარებელთა ინტერესების მაქსიმალური დაცვა. ამ მიმართულებით სამუშაოების გაუმჯობესებას კომპანია მომავალშიც აპირებს.