ჩვენ დეტალურად განვიხილეთ საქართველოს ფისკალური და მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორ კრისტიან დენიელსონთან შეხვედრის შემდეგ.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობაზე ევროპული სამეზობლო პოლიტიკის, კერძოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. პირველმა ვიცე-პრემიერმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე და იმ რეფორმებზე, რომლებიც ხორციელდება მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელების მიმართულებით.
მისი თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელსაც ევროკავშირი უწევს საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მხარდაჭერაზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) აღებული ვალდებულებების განხორციელების კუთხით. დადებითად შეფასდა ის ტენდენციები, რომლებიც არსებობს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობიდან გამომდინარე, კერძოდ, ორმხრივი ვაჭრობა გაიზარდა 14 პროცენტით, საქართველოდან ევროკავშირში აგროპროდუქციის ექსპორტი კი - 6 პროცენტით.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს მიმდინარე და სამომავლო მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა დიდი ნაწილიც ევროპული საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით ხორციელდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სამომავლო პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველი დირექტორი თომას მეიერ ჰარტინგი, აგრეთვე ფინანსთა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნიკოლოზ გაგუა და გენადი არველაძე.