„საქსტატის“ წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდამ 2,2%-ი შეადგინა, რაც წინასწარ გაწერილ გეგმასთან შედარებით ჩამორჩენაა.
ეკონომიკური ანალიტიკოსი რეზო ბერაძე მიიჩნევს, რომ რეგიონში განვითარებული მოვნელების ფონზე საქართველოს დამაკმაყოფილებელი ეკონომიკური მაჩვენებლები გააჩნია.
„ეს არის წინასწარი მონაცემები, რაც ამ ეტაპისათვის დამაკმაყოფილებელია თუ გავითვალისწინებთ რეგიონში მიმდინარე ზოგად სიტუაციას. თუ სურვილებს დავაფიქსირებთ, ცხადია, რომ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისათვის უფრო მეტი ზრდა გვინდა.
აშკარად დადებითი ტენდენციაა, რეგიონში განვითარებულ, მიმდინარე მოვლენებთან შედარებით, ჩვენს ქვეყანას სტაბილური ეკონომიკური ზრდა გააჩნია.
2,2 %-ი, 2016 წელს დაგეგმილ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან შედარებით, არც თუ დიდი განსხვავებაა“, აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ეკონომიკური ანალიტიკოსი რეზო ბერაძე.
ანალიტიკოსი გეგმასთან ჩამორცენის მიზეზებსაც ასახელებს და განმარტავს, 2016 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი ტენდენცია ნარჩუნდებოდა, თუმცა წლის ბოლოს ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით ეკონომიკური ზრდის შენელება დაფიქსირდა.
„იყო რამდენიმე ფაქტორი, რომელმაც ეკონომიკური ზრდის შენელება გამოიწვია. მათ შორის ერთ-ერთი მიმართულება იყო მშენებლობა. განსაკუთრებით ეს სახეზე იყო დეკემბერში, როდესაც მშენებლობის ტემპი შენელდა, რაც თავის მხრივ სეზონური ფაქტორით იყო განპირობებული და ასევე იმითაც, რომ გრძელვადიანი პროექტები, მაგალითად როგორიცაა სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. შესაბამისად ასეთმა ფაქტორებმა იქონია გავლენა ეკონომიკური ზრდის შენელებაზე.
წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი ტენდენცია იყო. თუმცა წლის ბოლოს, წლის სხვა პერიოდებთან შედარებით, ზრდის მკვეთრი შემცირება სახეზეა.
მეორეს მხრივ უნდა განვიხილოთ ის ფაქტორებიც თუ რამ იქინია მასზე გავლენა.
თუ შენელების ფაქტორად ვასახელებთ მშენებლობის სფეროს, მეორეს მხრივ უნდა ვახსენოთ ტურიზმის სექტორიც, რომელიც კარგი მაგალითია ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად.
თუ სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედავთ , ტურიზმი და მასთან დაკავშირებული სფეროები ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
ასევე საკმაოდ კარგი ტენდენცია გვაქვს ექსპორტის ზრდის მიმართულებითაც. ზრდაა არის ასე ტრანსპორტის მიმართულებითაც.
ერთი შეხედვით წლიური 2,2% არც თუ ისე დამაკმაყოფილ;ებელია მაჩვენებელია, მაგრამ საერთო ჯამში, რეგიონის ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, აღნიშნული მაჩვენებელი საკმაოდ დამაკმაყოფილებელია“, აცხადებს ანალიტიკოსი.
შეგახსენებთ, რომ წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის დეკემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 0,3 პროცენტი, ხოლო 2016 წლის IV კვარტალში 1,2 პროცენტი შეადგინა.
მთლიანი შიდა პროდუქტის წლიურმა რეალურმა ზრდამ 2016 წლის წინასწარი შეფასებით 2,2 პროცენტი შეადგინა.