ინვესტორი ოზურგეთში 8 მილიონიანი პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებს. ხელოვნურად შექმნილი ბარიერი თუ შეუსრულებელი ვალდებულება?
„გურიის მოამბე“ მერიის წარმომადგენელმა დაყრდნობით წერს, რომ სასტუმრო ‘გურიას“ შენობა, რომელიც აუქციონის წესით, ბიზნესმენმა ზურაბ ჩხაიძემ (“კახური ტრადიციული მეღვინეობა“-ს მფლობელი) შეიძინა, აუქციონზე ხელმოერედ უნდა გამოიტანონ.
„ჩამოერთვა მფლობელს (ზ. ჩხაიძეს) ეს შენობა (სასტუმრო "გურია") და ისევ გამოვაცხადებთ აუქციონს. ჩხაიძის მიერ აუქციონზე გადახდილ თანხა 100 ათასი აშშ დოლარი მას უკან არ დაუბრუდება და შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, ჯარიმის სახით დაეკისრება 94 ათასი ლარის გადახდა“- აცხადებს მერიის ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მერაბ წივწივაძე.
თავად ბიზნესმენი ზურაბ ჩხაიძე „გურიის მოამბესთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ქალაქის მერია გასულია მომსახურეობის ზონიდან და რომ ის საკუტარ უფლებებს სასამართლოს გზით დაიცავს.
„ქალაქის მერია გასულია მომსახურეობის ზონიდან, სხვა რა უნდა გითხრათ?! ვის აქვს უფლება აუქციონი ხელახლა გამოაცხადოს და უკანონობა ჩაიდინოს? რას ნიშნავს ხელახალი აუქციონი? ეს ყველაფერი წყდება სასამართლოს გზით და მე ბოლომდე ვაპირებ დავიცვა ჩემი ინტერესები. მართალი გითხრათ, არაფერი არ გამკვირვებია, მით უფრო იმის შემდეგ, რაც ჩვენს მეუფეს აკადრეს. მიმოწერა იყო ერთი კვირის განმავლობაში მერიის წარმომადგენელსა და ჩვენს იურიდიულ სამსახურს შორის, ვიცოდი, ისინი გვედავებოდნენ, თითქოსდა შეუსრულებელი ვალდებულებების გამო. იმას ამბობს ვინმე, ხელი რამ შეგვიშალა? არსად, არასოდეს პრობლემა მე არ მქონია აღებული ვალდებულების შესრულებაზე. ეს მხოლოდ ოზურგეთში მოხდა. ეს არის ხალხის შეცდომაც სხვათა შორის, სწორი არჩევანის გაკეთება რომ ვერ ისწავლეს. ამდენი ხანია ვამბობ, რომ მოაწესრიგონ ტექნიკური პრობლემები, რომლის შესახებ მე არაფერი ვიცოდი და ერთ კვირაში დავიწყებ რესტავრაციას. ამაზე არავინ არ საუბრობს?», აცხადებს ჩხაიძე.
ბიზნესმენი ამბობ, რომ სასტუმრო „გურიას“ ყოფილი შენობის რესტავრაციის დაწყებას ერთ კვირაში გეგმავდა, ანუ მას შემდეგ, რაც არსებული პრობლემები მოგვარდებოდა.
„ტექნიკურ პრობლემებს დავარქმევ ამას. ნებსით მოხდა თუ უნებლიეთ, არ ვიცი მაგრამ, აუქციონზე ძველი პასპორტით მოხდა ამ შენობის გამოტანა, სადაც არ ფიქსირდებოდა ის, რაც ჩვენ მას შემდეგ გავარკვიეთ, რაც საქმეში ჩავრთეთ დიზაინერები და ტექნიკური სამსახური. აუქციონზე მე შევისყიდე ის ფართები, რაც თურმე უკვე გაცემული იყო იჯარით. ეს დამიმალეს. აქ პირობა ჩემი მხრიდან კი არა, მერიის მხრიდანაა დარღვეული და შეუსრულებელი. მე ვიცოდი, რომ პირველ სართულზე გაცემული იყო ფართები, არ ვიცოდი, რომ ასეთი პრობლემები არსებობდა მეორე სართულზეც, რომ იჯარით გაცემული იყო სარდაფიც.
იყო ასეთი შემთხვევაც, რომ ერთ-ერთ პირს, იჯარით აღებული ფართი ჩადებული ჰქონდა ბანკში, რომელმაც გამოიტანა ის გასაყიდად აუქციონზე. ესეც დროულად გავიგეთ და შევისყიდეთ ის ნაწილი. ჩვენ ყველაფერი მზად გვაქვს, პროექტით დაახლოებით 6-8 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს, უნდა გაკეთდეს საოფისე ფართები, რისი პრობლემაც დღეს რეალურად არის ოზურგეთში, იქნება სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზი. ეს იქნება შ.პ.ს „გურია პალასი“, სადაც ასევე იმოქმედებს ტურისტული კომპანიები, რომლებიც გურიის ტურიზმის განვითარების კუთხით იმუშავებს.
მე ვესაუბრე ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლესაც, შეხვედრა მქონდა ყველა იმ პირთან, ვის კომპეტენციაშიც ასეთი საკითხები შედის. ვერ გავარკვიე ოზურგეთში ვის რა ინტერესი უნდა ჰქონდეს იმის, რომ შეფერხებულია შენობის რესტავრაცია. მართალი გითხრათ, არც ერთ სხვა მუნიციპალიტეტსა თუ ქალაქში, სადაც ჩვენ ინვესტიციის ჩადება მოვინდომეთ, პრობლემა არ შეგვქმნია, გამგებლებია, საკრებულოები თუ მერი, ყველა ცდილობს ამაში ხელი შეგვიწყოს. წესით, ოზურგეთის მერიასაც უნდა ჰქონდეს იმის მონდომება და ინტერესი, რომ ამ ქალაქში რაღაც გაკეთდეს, საერთოდ 10-15 წლის რომ ეს შენობა ასე ნაწილ-ნაწილ დააქუცმაცეს, იმიტომ გვაქვს დღეს ეს პრობლემა.
რაც ხდებოდა შენობის პირველ სართულზე ვიცოდი, მაგრამ დანარჩენზე ინფორმაცია მე არ მქონდა, ამას გინდათ ნებსით დარქვით გინდათ უნებლიედ გაკეთებული. ყველა ქალაქში ადგილობრივი ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული ინვესტორების მოზიდვით, ჯერჯერობით ეს ჩვენი პირველი პროექტია, რომელიც ამდენი ხნით არის გაჩერებული და ვერ ვახერხებთ სამუშაოების დაწყებას. ქალაქის მერიიდან ჩვენ მოგვივიდა გაფრთხილება, თუ რატომ ვერ ხდება წინასწარ განსაზღვრულ დროში სასტუმროს რეაბილიტაცია, თუმცა ეს ბარიერი ჩვენ არ შეგვიქმნია. კიდევ ერთხელ ვამბობ, დიზაინერებიც მყავდა ამ საქმეში ჩართული, თუ როგორ უნდა მოგვეწყო ფართები, და შექმნილმა პრობლემამ შეგვიშალა ხელი საქმის დაწყებაში. მოგვარდებოდა ეს ტექნიკური მხარე და მე ერთ კვირაში დავიწყებდი მუშაობას, თუმცა ახლა სულ სხვა კუთხით მომიწევს ბრძოლა“- აცხადებს „გურიის მოამბესთან“ საუბრისას ზურაბ ჩხაიძე.
ოზურგეის მერიაში კი განმარტავენ, რომ მერიას აქვს უფლება თავიდან გამოაცხადოს აუქციონი, მას შემდეგ, რაც ბატონმა ჩხაიძემ არ შეასრულა ის პირობები, რომლითაც შეიძინა ყოფილი სასტუმრო “გურია“.
„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას ჰქონდა საჯარო პირობებიანი აუქციონი. აუქციონი გამოცხადებული იყო მხოლოდ იმ კონკრეტულ ფართზე, რომელიც ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას წარმოადგენს. დაინტერესებულ პირს შეუძლია საჯარო რეესტრში გადაამოწმოს, რომ აღნიშნული ფართი არანაირი ვალდებულებით არ იყო დატვირთული (იჯარის, უზურფრუქტის ან სხვა ფორმით). 2015 წლის 17 აგვისტოს განცხადებით მოგვმართა შპს ‘’კახური ტრადიციული მეღვინეობა’’-ს წარმომადგენელმა ეკატერინე გოგოლაძემ, რომელმაც გამოთქვა სურვილი, 2015 წლის 19 აგვისტოს გამოცხადებულ პირობებიან აუქციონში მიეღო მონაწილეობა. (აღნიშნული შპს -ს დამფუძნებელი და მფლობელი ზურაბ ჩხაიძე გახლავთ.) ¬¬აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობა შეეძლო ყველა მსურველ პირს, თუმცა აუქციონში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი ‘’კახური ტრადიციული მეღვინეობა’’ დაფიქსირდა და შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუდმივმოქმედმა სააუქციონო კომისიამ გამარჯვებულად გამოაცხადა შპს ‘’კახური ტრადიციული მეღვინეობა’’. მას თავიდანვე განესაზღვრა შესასრულებელი პირობები, რომლის თანახმადაც მას არანაკლებ 800 000 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინდა და შენობის რეკონსტრუქციის დროს მუშახელი ადგილობრივი მოსახლეობის მინიმუმ 70% უნდა ყოფილიყო.
ბატონი ზურაბი არავის მოუტყუებია. მას თავიდანვე ჰქონდა ფართისა და პირობების შესახებ სრული ინფორმაცია. აუქციონის შემდეგაც პირადად დაათვალიერა შენობა და მან ზუსტად იცოდა, რა ფართობი შეიძინა აუქციონზე.
რაც შეეხება ბრალდებას ფართის შემცირებასთან დაკავშირებით, მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. ამას საჯარო რეესტრის ამონაწერებიც ადასტურებს. აღნიშნული ქონება გასხვისდა საჯარო რეესტრის 2011 წლის 26 იანვრის მდგომარეობით. (იხილეთ: საჯარო რეესტრის საიტზე - 882011029232) აქვე მითითებულია, რომ ფართი გახლავთ 3887 კვ.მ. 2014 წელს მუნიციპალიტეტის გაყოფის შემდეგ ზემოთაღნიშნული ქონება დარეგისტრირდა სსიპ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად, სადაც ფართი უცვლელია და ფიქსირდება იგივე 3887 კვ.მ. რაც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხილეთ: საჯარო რეესტრი საიტზე - 882014470940). 2015 წლის 19 აგვისტოს აუქციონზეც იგივე ფართი გახლდათ წარმოდგენილი.
მას შემდეგ, რაც ბატონმა ჩხაიძემ პირობებიან აუქციონზე შეიძინა ზუსტად ის ფართი, რომლის შესახებაც ზედმიწევნით კარგად ინფორმირებული ბრძანდებოდა, მიიხედ-მოიხედა და იმ დამატებითი ფართების შეძენის სურვილი გაუჩნდა, რომელიც არა ჩვენი, არამედ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო. ეს არ ამართლებს მის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას. ვინაიდან მას სწორედ იმ ფართზე ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა, რომელიც აუქციონზე შეიძინა და მერიის კომპეტენციაში ნამდვილად არ შედიოდა, თუ რას შეიძენდა დამატებით გარდა იმისა, რაც აუქციონზე იყიდა.
წესით, ბატონი ზურაბი ქალაქ ოზურგეთის მერიას აქეთ კი არ უნდა ედავებოდეს, პირიქით, უხერხულობას უნდა გრძნობდეს უპასუხისმგებლო ქმედებების გამო. ქალაქის მერია ამ ადამიანში სერიოზულ ბიზნესმენს და ინვესტორს ხედავდა, თუმცა ეს წარმოდგენა თავადვე გააცამტვერა.
ბატონო ზურაბ, დაეკითხეთ თქვენს კოლეგებს, რამდენად გაამართლებენ თქვენს ასეთ საქციელს?! ვისგან რის მოგვარებას ითხოვთ, ბატონო ბიზნესმენო, რაც პირობიანი აუქციონით მოიგეთ, კეთილი გენებათ და ის პირობა შეგესრულებინათ. სწორედ ეს გახლდათ თქვენი ვალდებულება. თქვენ არცერთი (აქაც ტყუით) იჯარით გაცემული ფართი არ შეგისყიდიათ აუქციონზე, მერე კი მოგინდათ სხვა დანარჩენი ფართების შესყიდვა. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ ხელი შეგვეწყო, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, თქვენთვის, მაგრამ რა ვქნათ, ბატონო, თუკი თქვენი ნება-სურვილი კანონის საწინააღმდეგოდ ვერ ასრულდება ჩვენს ქვეყანაში», განუცხადეს „გურიის მოამბეს“ ოზურგეთის მერიაში.