აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ინგა შამილიშვილთან ერთად სპორტის სხვადასხვა სექციის ხელმძღვანელებთან მორიგი საჯარო შეხვდრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე რამაზ ბოლქვაძემ სპორტის სფეროში მოღვაწეებს ლეონიძის ქუჩაზე დაგეგმილი სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროექტის საბოლოო ესკიზები გააცნო. აღნიშულ დოკუმენტში ის შენიშვნები და რეკომენდაციებია ასახული, რაც წინა საჯარო შეხვედრაზე სპორტის სფეროში მოღვაწე წრეების ხელმღვანელებმა გამოთქვეს.
შეხვედრა მინისტრებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საჯარო შეხვედრას ბათუმის სასპორტო სკოლის დირექტორი ირმა ნიჟარაძე და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ჩავლეშვილი ესწრებოდნენ.
ლეონიძის ქუჩაზე სპორტული კომპლექსი 23 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე აშენდება. 16 000 კვ.მეტრ შენობაში სხვადასხვა სპორტული სახეობების სექციები განთავსდება:. სპორტული ტანვარჯიში; მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზი; ბ/რ ჭიდაობის დარბაზი; თავისუფალი ჭიდაობის დარბაზი; სპორტული ცეკვების დარბაზი; ჭადრაკის დარბაზი; ტაეკვონდოს დარბაზი; ქართული საბრძოლო ხელოვნების დარბაზი; უნივერსალური ტრანსფორმირებადი დარბაზი; კრივის დარბაზი.
თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში გასახდელები, საპირფარეშოები, დამხმარე და საინვენტარო სათავსოები და სასტუმრო მოეწყობა. შენობას ასევე ღია ავტოსადგომი ექნება.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სასპორტო სკოლის უკან არსებული ორი სპორტული ცენტრის ტერიტორიის პრივატიზება განახორციელა, რომელშიც შპს „ორბი ჯგუფი“ 200 მლნ ლარზე მეტის ინვესტირებას გეგმავს. სანაცვლოდ სამინისტრო ლეონიძის ქუჩაზე ახალი თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის მშენებლობას იწყებს. პროექტის საბოლოო ესკიზი სპორტის წარმომადგენლებთან უკვე შეთანხმებულია. უახლოეს პერიოდში პროექტის შეძენისთვის და მშენებლობისთვის საჭირო ტენდერის პროცედურები დაიწყება.