აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ბათუმის ბულვარის განვითარება და 2017 წლის აჭარის ა.რ რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინებული პროგრამები იყო. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ბათუმის ბულვართან დაკავშირებით აჭარის ა.რ მთავრობის ხედვა გააცნო.
სიტყვით გამოსვლისას რამაზ ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ ბათუმის ბულვარის კონსერვაცია განხორციელდება. კულტურული ძეგლის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის, მართვისა და განვითარების ხელშეწყობისთვის აჭარის ა.რ რესპუბლიკურ ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია თანხა, რაც 7 590 300 ლარს შეადგენს.
2 საათიანი შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა: "ბათუმის ბულვარი ქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია მისი განვითარება ეფექტურად განხორციელდეს. მივიღეთ გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კონსერვაციის, რაც ნიშნავს იმას, რომ არსებული იერსახის შენარჩუნებით ჩვენ ბულვარის კიდევ უფრო ეფექტურ მართვას უზრუნველვყოფთ. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობა ბათუმის ბულვართან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს,რომ ჩვენ მზად ვართ ბულვართან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი სწორედ საზოგადოებასთან ერთად გადავწყვიტოთ. აქვე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენთაგანს ინტერესისთვის და მხარდაჭერისთვის. მჯერა ერთობლივი ძალებით ბულვარისთვის და ზოგადად ქალაქისთვის ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ" - განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.
2017 წლის აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტით ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და განვითარების ხელშეწყობისთვის 6 534 900 ლარი დაიხარჯება.
ბულვარის მართვისთვის 1 055 400 ლარია გათვალისწინებული. კაფე-ბარი "ტყუპებიდან" იახტკლუბის მიმდებარედ დაზიანებული ასფალტის გამოცვლა ბეტონის ფილებით და ბორდიურების მოწყობა, ასევე საკანალიზაციო სისტემის მოწყობა 856 175 ლარით დაფინანსდება.
უნივერსიტეტის მოედნიდან პლაჟზე ასასვლელ ქუჩებზე დაზიანებული ფილების ნაცვლად ბეტონის ფილებისა და ბორდიურების მოწყობისთვის 418095 ლარი დაიხარჯება.
2017 წლის ბიუჯეტით ასევე გათვალისწინებულია: სარწყავი სისტემის მოწყობა ძველ ბულვარში. ფეხით მოსიარულეთა ბილიკის ტერიტორიის ბაზალტის ბორდიურებით მოწყობა. სხვადასხვა სახის მრავალწლიანი ხე-მცენარეების შეძენა და სხვა. შეხვედრას ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერმაკოვი, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე, ვიცე-მერი ბაგრატ მაველიძე,საკრებულოს წევრები,ბულვარის საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები და ასევე მოქალაქეები ესწრებოდნენ.