პარლამენტმა რიგგარეშე სესიის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილა კანონპროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი კანონპროექტების პაკეტი.
წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ანდა მომსახურების გაწევისას, აგრეთვე ქონების რეალიზაციის ან მომსახურების გაწევის შეთავაზების და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. აღნიშნულისგან განსხვავებული წესი შეიძლება დადგინდეს საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
დოკუმენტის შესაბამისად საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა მიმართ ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით შეიძლება დადგინდეს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულისაგან (საპროცენტო განაკვეთებთან მიმართებით) გასხვავებული წესი, აგრეთვე სესხის, საბანკო კრედიტის გაცემის ან სახსრების მოზიდვისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი.
მომხსენებელმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა განაცხადა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და დედოლარიზაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის. მან წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. კანონპროექტს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა და რადგანაც საკითხი დაჩქარებული წესით განიხილება, კანონპროექტთა პაკეტი მესამე მოსმენით განსახილველად გადაეცა შესაბამის კომიტეტებს.